ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მსგავსი რამ არ მინახავს: – მასპინძლებს ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და სტუმარს ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო…” – ზურაბ ჯაფარიძე

“მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ გამოსულიყვნენ მასპინძლები და ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და მერე სტუმარი გამოსულიყოს და ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო”, – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ  კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ჯაფარიძემ ამავე კონტექსტში საუბრისას დასძინა, რომ – “ბავშვზე ხომ არ არის საუბარი, ეს ადამიანი წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირს ევროკავშირის შიგნით.”

ამასთან, “გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე წინა დღეებში.

მისივე  განმარტებით, სავარაუდოდ, მედიატორის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„უცნაური სიტუაციაა. მეც იმედი მაქვს, რომ დღეს ამ შეხვედრაზე გავერკვევი, გუშინ რა მოხდა ხელისუფლებასთან შეხვედრაზე. ყველა აღმოვჩნდით გაურკვეველ სიტუაციაში, „ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და ისინი ელოდებიან, როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი და ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის აპირებს გააგრძელოს შეხვედრები. რაც ჩვენ სურათი დავინახეთ, მიუთებებს იმაზე, რომ მინიმუმ ახლა გაგრძელება არ უნდათ მოლაპარაკებების.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ, უნდა ვიგულისხმოთ, რიმ იმ შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ჩვენი მხრიდან ძალაშია ყველა ის პუნქტი, რა პუნქტებიც დატოვა შარლ მიშელმა. ყველა პუნქტის გარშემო ჩვენ ჩვენი პოზიციები ვთქვით, მათ შორის რამდენიმე ვერსია კომპრომისული პოზიციების“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

იტვირთბა....