“რეგიონის გეოპოლიტიკა იცვლება და არ სცალიათ იმის საყურებლად რომელი მხარე მოიგებს მრგვალი ვირის თამაშში.” – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხოფერია თავისივე პოსტში ამბობს, – “სულ ცოტაც და პარლამენტში ბოიკოტიზირებულ შარახვეტიებს ვიხილავთ!”
“მეტრონომი” ყოფილი პარლამენტარის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“კოჰაბიტაცია 2 ანუ თხა და მგელი ერთად ძოვდეს!
არ მკითხოთ ახლა, ორი სათაური რა საჭიროაო. მხოლოდ ორი კი არა, ამასაც, რაც ჩვენს თავს ხდება, წვიმასავით “აქვს სახელი ცხრა”.
ცოტაც, აი, სულ ცოტაც და პარლამენტში ვიხილავთ ბოიკოტიზირებულ შარახვეტიებს! ესაა ის, რაც ბრაიზას და დანიელსონის პირით გაგვიმჟღავნეს ჩვენმა მეგობარმა “დიდმა ბიჭებმა”, რომელთაც გადაწყვიტეს ქვეყნის მართვის პულტების საკუთარ ხელში აღება. არა ბიჭო, იმ სირეგვენეს შეეგუებიან, რაც აქ ხდება. რეგიონის გეოპოლიტიკა იცვლება და არ სცალიათ იმის საყურებლად რომელი მხარე მოიგებს მრგვალი ვირის თამაშში. დაგვაყენებენ, პირველ მეორეზე გაგვათვლევინებენ და ვითარებაც დასტაბილურდება (ანუ მათთვის პროგნოზირებადი გახდება), ხოლო ჩვენ კოჰაბიტაცია-2 შეგვეტენება. ცხადია, მხოლოდ ამას არ დასჯერდებიან,
შემდგომი და მდგრადი სტაბილურობისთვის ხელისუფლების მგლებს კბილებს დააცლიან, ხოლო ოპოზიციონერ თხებს რქებს მოახერხავენ, რათა ერთმანეთს ვერაფერი ავნონ და ქვეყანაში დაიწყება რუსთველური თხისა და მგლის ერთობლივი ბაგური კვება. რასაკვირველია, ერთობლივ ძოვას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარ მიღწევად და გამარჯვებად გამოაცხადებს და იქნებიან ასე გამარჯვებულები, ოღონდ, რქებისა და კბილების გარეშე!
პ.ს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია და მარტის ბოლოდან დაიწყება ეს ამბავი, მაგ დროს კარგი ლორთქო ბალახი იწყებს ამოსვლას!” – წერს ხათუნა ხოფერია.