ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
ამ წუთებში კრისტიან დანიელსონი „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“, „მეტი თავისუფლება – გირჩისა“ და „გირჩის“ ლიდერებთან მართავს შეხვედრას.
ასევე, აღნიშნულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებიან.
დღის განმავლობაში ასევე იგეგმება დანიელსონის შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“, „ლეიბორისტული პარტიის“ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებთან.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ის გუშინვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დანიელსონმა ასევე შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან.