ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის ე.წ. კომენდანტის საათის ერთი საათით გადაწევას მხარს არ დაუჭერს.
როგორც მინისტრი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა ისედაც ბევრი დათმეს, როდესაც მხარი დაუჭირეს სხვადასხვა შეზღუდვის მყისიერ მოხსნას.
მისივე თქმით, გადაადგილების შეზღუდვა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი და მისი აზრით, ქვეყანას ამ ეტაპზე არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ დათმობაზე წავიდეს.
„მე ამას (გადაწევას) მხარს არ დავუჭერდი. ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა ძალიან ბევრი დათმეს. ჩვენ ავიღეთ საკმაოდ დიდი რისკი თავზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების ასეთ მყისიერ მოხსნას.
ჩვენ რეალურად დაგვრჩა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში 19 საათზე, 20 საათზე იწყება ეს შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ 21 საათი არის ის ოპტიმალური დათმობა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თავის დროზე.
ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება. გამომდინარე იქედან, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე გვაქვს გარკვეული მატება ინფიცირების. მე ვთვლი, რომ შემდეგი პერიოდის მანძილზეც საკმაოდ შეზღუდულები ვიქნებით ამ ფუფუნებისგან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავთმოთ, ვინაიდან, თითოეული შეზღუდვის მოხსნა, გადის გარკვეულ რისკებთან, ეს რისკები არის საკმაოდ მაღალი და თითოეული რისკი შემდეგ ხდება ჩვენი თითოეული მოქალაქის შესაძლო ლეტალური გამოსავლის მატარებელი. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, ამის უფლება ჩემი მოქალაქეების წინაშე არ მაქვს”, – აცხადებს მინისტრი.