სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერგავრცელებული განცხადებით, პრეზიდენტი მისელამება კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში და იმედს გამოთქვამს, რომ ვიზიტი შედეგიანი იქნება.
მისივე თქმით, “საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.”
გთავაზობთ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად:
„პრეზიდენტი მიესალმა კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებისა და დიალოგის ხელშეწყობას.
საქართველოს პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში.
კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად.
პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები. საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არსებული განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვა აერთიანებს და ეს არ შეიცვლება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეუთომ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე დადო შესაბამისი დასკვნა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
დანიელსონის განცხადებით, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია.
პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მაგდალენა გრონო”,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დანიელსონი საქართველოს წუხელ ეწვია და მისი ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.