ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საცოდავები არიან ეს ადამიანები” – პრემიერი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით თავისივე განცხადება განავრცო.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მისი განცხადება გააკრიტიკეს, უმცირესობას წარმოადგენენ და “გაუგებარი“, „საცოდავი“ ადამიანები არიან. პრემიერ-მინისტრს ტრადიციულად არც იმის ხაზგასმა დავიწყებია, რომ მის განცხადებაში ყველაფერი წესრიგში იყო.

“საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს, ძალიან ემოციური დღე იყო, პატრიარქიც ესწრებოდა როგორც იცით და ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს იმისთვის, იმ დღეს რაც მოხდა.  ანტისახელმწიფოებრიობა დაგვაბრალეს და ა.შ.  ადამიანებმა, რომლებსაც მე მგონი არც სახელმწიფო აქვთ, არც ცნება იციან – რა არის სახელმწიფო, ან სამშობლო რა არის, გაუგებარი ადამიანები, მაგრამ ეს გასაგებია ჩვენთვის. უბრალოდ, საწყენია და საცოდავები არიან ეს ადამიანები, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ როგორღაც თავდასხმა გააკეთონ, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, იქნება ეს პატრიარქის პიროვნება თუ მთავრობა, ჩემზე აღარ არის საუბარი უკვე. ჩვენზე მიზეზები არ სჭირდებათ, ისედაც გვესხმიან თავს, მაგრამ ამას შეჩვეულები ვართ. თუმცა, ჩემი განცხადებაც, თუ ნახეთ ყველამ, იქ, მე ვფიქრობ, ყველაფერი იყო წესრიგში. საუბარი იყო პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე ამ პროცესში, რასაც ჰქვია შეწყალების პროცესი. მე აქვე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი არის დარეგულირებული კონსტიტუციით. შეწყალების კომისიაში, ჩემი ინფორმაციით, არის ჩართული საპატრიარქოს წარმომადგენელი, ერთ–ერთი ეპისკოპოსი და მე აქვს მივანიშნე, მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მომართვა, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა ასევე ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქციაც არის სწორედ შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში. რა არის აქ გაუგებარი, ან ანტისახელისუფლებო ან ანტისახელმწიფოებრივი? ეს არის უბრალოდ მიზეზი. კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ასე ვთქვათ ის ადამიანები, რომლებიც თავს დაგვესხნენ ჩვენ ყველას. დაწყებული საპატრიარქოთი და მთავრობაზე აღარ ვსაუბრობთ.

უბრალოდ, მაინტერესებს მართლაც, ამდენი სიძულვლი და ამხელა აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს. რა იყო აქ გაუგებარი? გაქვთ რაიმე შეკითხვა რომელიმე მინისტრს? არავინ არ აპირებდა იქ, მე მგონი, ყველამ კარგად გავიგეთ, და სამწუხაროდ, მოუწია შემდეგ უკვე საპატრიარქოს გაკეთება განმარტების, რომ არავინ არ ითხოვდა არც კანონის შეცვლას, არაფერს. მით უმეტეს, არც კონსტიტუციის შეცვლას. არც სეკულარიზმის დარღვევას. ეს რაღაც საოცარი აბსურდია პირდაპირ, აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ და მერე ააგორეს, რომ ვიღაცას რაღაც ფუნქციას ვართმევთ.

პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მით უმეტეს, არც არავის დაცვა არ სჭირდება. მე ისე არ გამოვდივარ, თითქოს ვიღაცის ადვოკატი ვარ, მითუმეტეს პატრიარქს არ სჭირდება არავის დაცვა. პირიქით, ჩვენ გვჭირდება მე მგონი. მაგარამ, ძალიან სამწუხაროა, საზოგადოებაში ასეთი აგრესიული მუხტი როცა არსებობს. მაგრამ  საბედნიეროდ, ეს არის ძალიან დიდი უმცირესობა საზოგადოების. უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ასეთი გაშმაგებით თავს გვესხმოდნენ. ეს ისე, ხუმრობით, მაგრამ საზოგადოებას თუ რამე შეკითხვა დარჩა, მე მგონი, დღევანდელი განცხადებითაც ყველა კითხვა მოიხსნა,”–  ასე განავრცო თავისივე განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა ხსენებული განცხადება 5 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გამართული სპექტაკლის შემდეგ გამოაქვეყნა:

“მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართა”.

 

 

იტვირთბა....