ევროპის ტერიტორიაზე, ამჟამად აშშ-ს 200 ატომური ბომბია განთავსებული
გამშვები ატომური დანადგარების მუდმივ მზაობაში მოყვანის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
„სტრატეგიული ბირთვული ძალების მზაობა იმ დონეზე ნარჩუნდება, რომელიც საშუალებას გვაძლევს გარანტირებულად გადავჭრათ ბირთვული თავდაცვის საკითხები – შოიგუს რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ციტირებს – საბრძოლო მორიგეობას შეუდგა ექვსი სარაკეტო პოლკი, რომელიც ЯРС-ის სტაციონარული და მოძრავი ბაზირების კომპლექსებითაა აღჭურვილი. სახმელეთო სტრატეგიული ბირთვული ძალების თანამედროვე შეიარაღების წილმა 51 პროცენტი შეადგინა“.
გარდა ამისა, შოიგუს თქმით, ბირთვული ტრიადის (სტრატეგიული ავიაცია, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები და წყალქვეშა ბირთვული რაკეტმზიდები) თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვამ 55% პროცენტი შეადგინა.
ასევე თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე შოიგუმ განაცხადა, რომ რუსული არმია 47%-ით თანამედროვე შეიარაღებით არის აღჭურვილი და ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად აშშ-ს 200 ატომური ბომბია განთავსებული.