“ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამას რომ ვუყურებდი – ვაღიარებ, რომ დავმარცხდი და ბოლომდე ვერ გავუძელი. ბერას პრიმიტივიზმი საცოდაობაში გადადის,” – ასე აფასებს პოლიტოლოგი, გია ნოდია ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მუსიკოსმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა.
პოლიტოლოგი სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში დასძენს, რომ დიდი ხანია რაც იმედის ტელევიზიისთვის არ შეუხედავს. როგორც ნოდია ამბობს, “იმედი” უკვე ერთი-ერთში რუსული ოფიციალური არხების დონეა და ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ მთელი ქართული მედია ასეთი იყოს.
“ვეცადე, მენახა ბერას ინტერვიუ. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამას რომ ვუყურებდი – ვაღიარებ, რომ დავმარცხდი და ბოლომდე ვერ გავუძელი. ბერას პრიმიტივიზმი საცოდაობაში გადადის. პირველ რიგში ასეთია მისი ყოყლოჩინობა: „ქართველი კაცი დედის გინებას ვის შეარჩენს“, – მაგრამ საქმის გასარჩევად თვითონ კი არ მიდის, მამამისის დაცვის უფროსს აგზავნის (ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთი წუთით დავიჯერებთ, თითქოს ეს 2011 წლის ჩანაწერებია – თუმცა ამის არგუმენტები სრულიად უმწეოა). ბიძაჩემი ასეთ ხალხს „უტრაკო ყარაჩოღლებს“ ეძახდა (სრულწლოვან ბერაზე ვამბობ, დედამისს არ ვეხები).
მაგრამ რაც ამაზრზენია – ეს არის წამყვანები. ისინი არც კი ცდილობენ, ითამაშონ მაინც დამოუკიდებელი ჟურნალისტების როლი და ოდნავ რთული შეკითხვა დაუსვან ხაზეინის შვილს (რაც ამ შემთხვევაში ძალიან ადვილი იყო): სრულიად ღიად და შეუნიღბავად უძვრებიან.
დიდი ხანია (ალბათ წლებია) „იმედისთვის“ არ შემიხედავს, კიდევ კარგი, თავს რომ ვინახავ. ეს უკვე ერთი-ერთში რუსული ოფიციალური არხების დონეა (ალბათ, ტექნიკურად უარესი). ბიძინას უნდა, რომ მთელი ქართული მედია ასეთი იყოს.” – წერს გია ნოდია.
ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.
ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.