“აფეთქებულია სოციალური ქსელი ხუმრობით – ბერამ დამაყაჩაღა, ბერამ იძალადა, ბერამ, 7 წლის იყო, მაგრამ თმებში მომქაჩა” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “იმედის ფაქტორში” გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროექტი უკვე ჩავარდა.
“უკაცრავად, მაგრამ ხალხი ღადაობს ამაზე. უკვე ჩავარდა ეს პროექტი, მაგრამ, მინიმუმ, სამი ტელევიზია ძალისხმევას დებს, რომ რამენაირად საზოგადოებას დააჯეროს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ჩვენ, ყველა, ვართ მოძალადეები. ვერ დააჯერებენ. ტყუილი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი”. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.
ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.