ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე, იაკობი ჟურნალისტებთან საუბრისას “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ “ჩანაწერებს ხელისუფლება ერთხელ უკვე გადაყვა.”
მეუფის შეფასებით, ფარული ჩანაწერების მომზადების ბერკეტი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც აქვს.
„ვფიქრობ, ნებისმიერი უკანონო ჩანაწერი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, უკანონო ჩანაწერს ვინც აკეთებს, რატომ აკეთებს? ეს არ უნდა წავახალისოთ. მერე ტელევიზიები რაღაცნაირად ახალისებენ ხოლმე. ჩანაწერებს ხელისუფლება ერთხელ უკვე გადაყვა. ვინ იწერს მერე საქართველოში? ვიცი, რომ კონკრეტულ პარტიებსაც შეუძლიათ ჩაწერა. აბსოლუტურად ყველას შეუძლია, ბერკეტები ყველას აქვს, აპარატურაც, გვარებიც ვიცი, ვისაც აქვს. ხელისუფლებასაც ოფიციალურად აქვს და ოპოზიციას არაოფიციალურად“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა და ამ კონტექსტში „ნაციონალური მოძრაობა“ ახსენა.
ამასთან, ეპისკოპოსმა მედიასთან ე.წ. ციხის კადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ – „ციხის კადრები რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ციხეში რომ ბევრი ცუდი ხდებოდა, მთავრობა ამას გადაყვა“.
მისვე განმარტებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერები არ მოუსმენია.
„მართლა არ მომისმენია და არც ვაპირებ, რომ მოვისმინო იმიტომ, რომ ეს ტელევიზიები ზოგჯერ ისეთ რამეს ავრცელებენ, ბევრ რამეზე ნდობა დაკარგული მაქვს. იმ პროცესებს, რასაც ვუყურებ, არ ვინტერესდები გარეთ რა ხდება, ეს პოლიტიკური პარტიები რას გააკეთებენ და რას არა. ჩაწერები ბევრს ეხერხება, რაც უნდა იყოს. ჩანაწერები არ მომისმენია და სავარაუდოდ, არც მოვისმენ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.
ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.