გენერალურმა პროკურატურამ “TV პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება არა მის შინაარსზე, არამედ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო. რაც იურისტების გარკვეული ნაწილის შეფასებით, აჩენს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიზირებულია და რეალურად, მნიშვენლოვანი აქცენტი სწორედ ჩანაწერის შინაარსზე უნდა გაკეთებულიყო და არა ტექნიკურ მხარეზე.
როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი “მეტრონომთან” ამბობს, პროკურატურა იტოვებს არჩევანის უფლებას, თუ რა მიმართულებით დაიწყოს გამოძიება. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა საქმის ტექნიკურ მხარეზე და არა მის შინაარსზე, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ საქმე პოლიტიზირებულია. იურისტის შეფასებით, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე შესაძლოა აუდიოჩანაწერის ფიგურანტების დაკითხვა აღარ მოხდეს.
“პროკურატურის პრეროგატივაა, როგორ დაიწყებს გამოძებას, რა ტაქტიკას აირჩევს. თუმცა, პროკურატურამ განაცხადა, რომ იგი ე.წ. ტექნუკურ მხარეზე დაიწყებს გამოძიებას ანუ ჩაწერა-გავრცელების ფაქტზე და არა მის შინაარსზე. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ფიგურანტებს არ დაკითხავენ, რადგან ტექნიკური საშუალებებით ამის გაკეთება შესაძლებელია, რაც ძალიან ცუდია და მანიშნელებია იმისა, საქმე პოლიტიკურად მიკერძოებულია, მოქმედებს ორმაგი სტანდარტი, ანუ საგამოძიებო ორგანოები არ არიან დამოკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან, რაზეც ღიად მიგვითითებენ ამერიკელი და ევროპელი კოლეგები.
2015 წელს, როდესაც ანალოგიურ შემთხვევაზე სააკაშვილის, ბოკერიას და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გასაჯაროვდა, მაშინ საგამოძიებო ორგანომ შინაარსობრივ ნაწილზე დაიწყო გამოიძება. თქვა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენო. მაშინ გამოძიებას არ აინტერესებდა ტექნიკური მხარე. ახლა, როდესაც პირიქით იქცევა, უნდა გაეცეს კითხვას პასუხი, – რა შეიცვალა, რომელი სტანდარტი იყო სწორი?
გამოძიება რომ დაწყებულიყო ზოგადად ფაქტზე და არ დაზუსტებულიყო, კონკრეტული საკითხი, მიმართულება, ამ შემთხვევაში შესწავლის საგანი უფრო ფართო იქნებოდა, როგორც ჩაწერა-გავრცელება, ასევე მისი ფიგურანტები, ასევე შინაარსობრივი ნაწილი უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი. ფაქტზე მუხლის მითითებით გამოძიების შემთხვევაში ფიგურანტებიც უნდა დაკითხულიყვნენ, მათ შორის სავარაუდო მსხვერპლებიც, მაგრამ, რადგან პროკურატურამ თვითონვე დაავიწროვა ეს სფერო, ალბათ არც ღარიბაშვილი, არც ჩუბინიძე და არც სავარაუდო მსხვერპლები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ, არ იქნებიან დაკითხული”, – თქვა ლევან ალაფიშვილმა.
“მეტრონომის” დამატებით კითხვაზე, თუკი გამოძიება დაიწყებოდა შინაარსზე და ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხებოდა, როგორც ერთ-ერთი ფიგურანტი, პრემიერ-მინისტრს თანამდებობა, დროებით მაინც, უნდა დაეტოვებინა თუ არა?
“დიახ, ამ შემთხვევაში მას ექნებოდა გარკვეული ბერკეტი, ფორმალური, თუ არაფორმალური, გავლენის მოსახდენად. შესაძლებელია იმპიჩმენტის საკითხიც დამდგარიყო. იგი დროებით შესაძლოა ჩამოცილებულიყო თანამდებობიდან, თუმცა, არა მარტო ის, არამედ ანზორ ჩუბინიძეც”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა “მეტრონომთან.”
შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.
ავტორი: თამარ შუკვანი