ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ მოიკლა თავი შუამავალმა და ვის მიჰყიდა ბანკმა ყიფშიძეების ბინა – მსახიობის მეუღლე სკანდალური დეტალებით

მსახიობ ზურა ყიფშიძის მეუღლე ლელა გოცირიძე „რეზონანსთან“ ყვება, რომ ის და მის ოჯახი თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ, რის შედეგადაც უკვე დაკარგეს ერთი ბინა, რომელიც ლელა გოცირიძემ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. ახლა კი  შესაძლოა ის ბინაც დაკარგონ, სადაც მთელი ოჯახი ცხოვრობს.

მისი ინფორმაციით, ბინის გაქირავებისას მოტყუებით სრულიად სხვა საბუთებზე ხელი მოაწერინეს და სახლი იპოთეკით დაიტვირთა. ამის შესახებ ლელა გოცირიძემ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბანკიდან კრედიტ ოფიცერი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბინა პროცენტების გადაუხდელობის გამო გასაყოდად იყო გატანილი.

გოცირიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ ზურაბ ყიფშიძე კრედიტოფიცერთან მივიდა და საქმის ვითარება აუხსნა, სთხოვა, რომ ბინის გაყიდვა შეეჩერებინა და ბინას  გამოსყიდიდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყიფშიძეების ოჯახი ბანკმაც მოატყუა და ბინა გაიყიდა. სახლი უცხო ქვეყნის მოქალაქემ იყიდა. ამის შემდეგ ყიფშიძეების ოჯახს უცხოელი დაუკავშირდა და ბინის სასწრაფოდ დაცლა მოითხოვა.

საქმეზე სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც დროში გაიწელა და დავა დღემდე გრძელდება. აღნიშნული უცხოელი კი, რომელმაც ბინა შეიძინა, ახლა ყიფშიძეებს ედავება, რომ მან ამ სასამართლო დავის დროს ზარალი მიიღო და ის თანხაც უნდა აუნაზღაურონ, რაც ბინის გაქირავებით  უნდა მოეგო. ამისთვის კი ის ბინაც უნდა გაყიდონ, რომელშიც ახლა მთელი ოჯახი ცხოვრობს. ყიფშიძეებს  ამის გამო ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.

„ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა. ბინა, რომელიც მეგონა, რომ გავაქირავე, თურმე იპოთეკით დატვირთულა. იმ ადამიანმა, რომელმაც იქირავა, ბინა ბანკში დააგირავა, ფული გაიტანა და ამ პროცენტებს აღარ იხდიდა.

„ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა კრედიტოფიცერი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ პროცენტების გადაუხდელობის გამო ბანკი ბინას ყიდიდა. ზურა მივიდა და სთხოვა, რომ იქნებ გაყიდვა შეეჩერებინათ, რადგანაც საქმე თაღლითობასთან გქვონდა. ვინც დაგვაკავშირა იმ თაღლითთან, იმ  ბიჭმა თავი მოიკლა. ანუ შუამავალი მიხვდა, რომ რაღაცა ცუდ საქმეში გამოიყენეს და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

„ეს ბანკის თანამშრომელი ზურას დაპირდა – კარგი, იშოვე ფული და არ გავყიდიო.   გვითხრა, რომ 12 თვეს დაგაცდითო. აქაც მოტყუებული აღმოვჩნდით, მხოლოდ სიტყვიერი პირობა მისცა და ბანკმა ბინა გაყიდა.

„ბინა უცხოელმა ფედერიკ პორშერმა იყიდა. ახლა ცალკე მოტყუებები ამ კაცმა დაგვიწყო, საშინელებებში გავიხლართეთ. ეს პორშერი გვემუქრება, რომ დაამთავრეთ ეს საკითხი, მომიწერეთ ხელი, რომ ბინა ჩემია, თუ არადა აქეთ გიჩივლებთ და მაგ სახლით რა ფულიც უნდა მეშოვა, თქვენ გადაგახდევინებთო.

„ბინა, სადაც ახლა ამდენი ადამიანი ვცხოვრობთ, თურმე უნდა გავყიდო, რომ მას ზარალი ავუნაზღაურო. ჯერ ის ვერ მომინელებია, რომელი ბინაც წაგვართვეს და ახლა საერთოდ ღია ცის ქვეშ დარჩენა გვემუქრება“, – აცხადებს ლელა გოცირიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, წართმეული ბინა გოძიაშვილის ქუჩაძე, ქაშუეთის ეკლესიის გევრდით მდებარეობს და ის მან მემკვიდრეობით მამისგან მიიღო. ახლა მთელი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ხილიანაზე 3-ოთახიან ბინაში ცხოვრობენ. გოცირიძე აცხადებს, რომ ადამიანი, ვინც ეს თაღლითობა ჩაიდინა, ჩვეულებრივად ქუჩაში დასეირნობს და პოლიცია აცხადებს, რომ მას ვერ პოულობს.

„იმ ადამიანით, ვინც ფული გაიტანა და ბინა იპოთეკით დატვირთა, არავინ  ინტერესდება. არადა, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ასეთი თაღლითობით არაერთი ადამიანი ჰყავს დაზარალებული.

„პოლიცია გვეუბნება ვერ ვპოულობთო. თუმცა  ვიცით, რომ ესაა თორნიკა ბახტაძე, რომელიც ქუჩაში და კაფეებში მშვენივრად, თავისუფლად დასეირნობს. ალბათ ვიღაც მფარველობს, არ ვიცი, ზუსტად  ვერ გეტყვით. ჩვენს ქვეყანაში უცხოელებს რომ უფრო მეტი დაფასება და დახმარება აქვთ, ფაქტია.

„ხალხს ჰგონია, რომ ბანკიდან ფული ჩვენ გავიტანეთ და ისეთი თავხედები ვართ, რომ ფულის გადახდა არ გვინდა. არადა სიტუაცია სრულიად სხვა არის. ეს უცხოელიც ასე გვატყუებს. შეგვპირდა, ფული მომიტანეთ 3 დღეში და სახლს დაგიბრუნებთო. მეგობრები დატრიალდნენ, ფული ვისესხეთ, მაგრამ დაგვემალა და არ მოვიდა. ეტყობა ეგონა ეს „მათხოვრები“ ფულს ვერ შეაგროვებენო და არ მოელოდა ასე მალე თუ მივიდოდით. ახლა ამ ბინაზეც დაობს უკვე, რომელშიც ამდენი ადამიანი ვართ შეყუჟული“, – ამბობს გოცირიძე „რეზონანსთან“.

წყარო: “რეზონანსი”

იტვირთბა....