იმ ინციდენტის მთავარი მხვერპლი ბერაა, რადგან მას დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ტვ პირველის” მიერ შაბათს გასულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერასა და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საუბარია დაფიქსირებული.
მისივე თქმით, მას საშუალებას არ აძლევენ, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში და ბერა მძევლადაა აყვანილი.
“მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.
ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს, სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს.
იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა…
დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი.
ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.
დაინახოს, რა “მოსულა” და რა არა…
გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…” – წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი
შეგახსენებთ, “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.