ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების ნაწილი დღეიდან კიდევ უფრო მსუბუქდება.
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
კერძოდ, დღეიდან:
- სამთო კურორტებზე ამუშავდება საბაგიროები;
- რესტორნები განაახლებენ შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას (შაბათ-კვირის გარდა);
- არასასურსათო საცალო ვაჭრობა (მოლები და ბაზრობები) მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ერთერთი უმთავრესი შეზღუდვა, რომლის მოხსნის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა – კომენდანტის საათი.
ცნობისათვის, 25 თებერვლიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ეტაპობრივად იხსნება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შეიმუშავა.
შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა პირველი თებერვლიდან, კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო მოლები და განახლდა სასწავლო პროცესი, 8 თებერვლიდან კი ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.