საქართველოსი ამ დროისთვის კორონავირუსის ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხდა.
იმნაძის თქმით, ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების სამი კლასტერი არსებობს.
„საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფართო გავრცელება კორონავირუსის ახალ შტამს ქვეყანაში არ მიუღია. ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ამ სამი კლასტერიდან მათი ოჯახური კონტაქტია 31 და 31 შემთხვევაა დადასტურებული. ეს იყო მსუბუქი შემთხვევები, გავრცელდა ოჯახებში, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. საქმე ის არის, რომ ბრიტანული შტამისგან ზუსტად ისე იცავს ნიღაბი და დისტანცია, როგორც სხვა შტამებისგან. ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში აფრიკული და ბრაზილიური შტამი არ დადასტურებულა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსნებთ, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყო, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად შეფასდა.