ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათზე დაყრდნობით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც დაკავებულია გადაიყვანილი, ახრა ავიძბას ახლობლები და ნათესავები შეიკრიბნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახრა ავიძბას სახლთან ჩხრეკა მიმდინარეობს, რასაც ე.წ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ ატარებს.
აღსანიშნავია, რომ ავიძბამ ბოლო დროს აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და დემონსტრაციებში. როგორც ის სოციალურ ქსელში წერდა, 2 მარტს სრულიად ახალი გაერთიანების “ახალი ადამიანების” დამფუძნებელი კრება გაიმართა, რაც “სერიოზული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი რესურსი უნდა გახდეს.
ასევე, 2 მარტს ავიძბა მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც ბიზნესმენ ბენურ კვირაიას სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით გაიმართა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იანვრის ბოლოდან უკრაინის უშიშროების სამსახურს ახრა ავიძბაზე ძებნა აქვს გამოცხადებული. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად “აფხაზი”) 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას „პიატნაშკას“.