ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ანთებული სიგარეტით მიწვავდა იღლიებს“ – ვინ არის ხატაბერ სამუშია, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულაციით ეძებს

ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს საიტზე ცითელი ცირკულარის გრაფაში ყოფილი ქართველი პოლიციელის მონაცემების შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა.

როგორც ინტერპლის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 36 წლის ხატაბერ სამუშიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მას სასტიკ წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთში ედება ბრალი.

ვინ არის ხატაბერ სამუშია? სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის სახელიც, წინა ხელისუფლების დროს ადამიანთა წამების რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს, მეგი ქარდავას გარემოცვის წევრი გახლდათ.

სხვა მაშინდელ მაღლჩინოსნებთან ერთად ხატაბერ სამუშია პირადად მონაწილეობდა ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცის, ლაშა არქანიას სასტიკ წამებაში. აი, რას ყვება თავად არქანია ერთ-ერთ ინტერვიუში.

„2011 წლის 14 ივნისს, ღამის 10 საათზე ჩემს მობილურ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა – ნაცნობი შეხვედრას მთხოვდა. გამოვედი თუ არა სახლიდან, ნიღბიანები მეცნენ, ხელები გადამიგრიხეს და გამიტაცეს. ჯერ ენგურის პირას მცემდნენ ისე, რომ არ ვიცოდი ვინ იყვნენ, მდინარეში მახრჩობდნენ, მერე განყოფილებაში გადამიყვანეს და არაადამიანური წამებით მაიძულეს, შეთითხნილი ბრალი მეღიარებინა. ამ უსამართლობას მამაჩემის სიცოცხლე შეეწირა და მე დასაკარგი აღარაფერი დამრჩა!

როცა მდინარე ენგურთან ჩემს გამტაცებლებს წალენჯიხის პოლიციის უფროსი გოჩა გოგოხიაც შეუერთდა, მაშინღა მივხვდი, რომ პოლიციის უფროსის მოადგილე რუსლან აბულაძე და ჯვარის პოლიციის თანამშრომელი ხატაბერ სამუშაია მაკავებდნენ, ხოლო მეორე თანამშრომელი, აწ გარდაცვლილი სოსო აბაშიძე – ანთებული სიგარეტით მიწვავდა იღლიებს! გოჩა გოგოხიას მივმართე – ესენი ავადმყოფები არიან, ჩემი წამებით სიამოვნებას იღებენ და პოლიციაში გადამიყვანეთ, თუ რაიმე დამიშავებია – იქ მომკითხეთ მეთქი. – აჰა, პოლიციაში ურჩევნია, გადაიყვანეთ განყოფილებაში და სათანადოდ დაამუშავეთო – გასცა განკარგულება. განყოფილებაში მიყვანისთანავე სინათლე ჩააქრეს. ოთახს მხოლოდ მონიტორების მკრთალი შუქი ანათებდა. დაუნდობლად ცემა დამიწყეს. მირტყავდა ყველა ერთად და ცალ-ცალკეც, თითოეულის სახე მახსოვს! განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა გოჩა გოგოხია, რუსლან აბულაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი კოხტა კოდუა და მისი თანაშემწე გიორგი სამუშია, გამომძიებელი ილუშა აქუბარდია და რეზო ლაზიშვილი.

მოითხოვდნენ მეღიარებინა გამოგონილ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა, უნდა დამესახელებინა თანამონაწილეებად პირები, რომელთა ვინაობა მანამდე არც კი მსმენოდა. თუ დავთანხმდებოდი, სასათბურე პირობებში 2 წლით პატიმრობას მაკმარებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ამოჟლეტით, მოხუცი დედის გაუპატიურებით და სამუდამო პატიმრობით მემუქრებოდნენ. კოხტა კოდუა დროდადრო ტელეფონით უკავშირდებოდა ვიღაცას და ეუბნებოდა – ჯერ ვერ გავტეხეთ, მაგრამ სად წაგვივაო. ღამის11 საათიდან დილის 6 საათამდე გრძელდებოდა წამება. პერიოდულად, გონებას ვკარგავდი. არაერთხელ დასჭირდათ სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამასობაში, წამების ახალ-ახალ საშუალებებს იყენებდნენ: ორივე ყურზე ერთდროულად, გაშლილ ხელისგულებს მირტყამდნენ, მცემდნენ სათესლე ჯირკვლებზე, ხანაც, უკანა კარიდან გარეთ გავყავდი, შუბლზე იარაღს მადებდნენ და ჩახმახს გამოკრავდნენ – დახვრეტის იმიტაციას მიწყობდნენ. ერთხელ, გონზე მოსულმა აღმოვაჩინე, რომ ბუხარში ვეგდე, ხოლო გოჩა გოგოხია და რუსლან აბულაძე დამყვიროდნენ – აღიარე ტერაქტი, თორემ ცოცხლად დაგწვავთ, შენ თუ არ დაასახელებ, ამ საქმეს მაინც შევკერავთ, სხვები შენ დაგადებენ ხელსო.

გამთენიისკენ ჯალათები დარწმუნდნენ, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ სამშობლოს მოღალატის სახელით პატიმარი არ გავხდებოდი, ჩემთვის უცნობ ადამიანებს ტერორიზმში არ დავადანაშაულებდი. ამიტომ, ტაქტიკა შეცვალეს – წყალში, რასაც გონზე მოყვანის მიზნით მასმევდნენ, ჰეროინი გაურიეს (ეს ფაქტი მოგვიანებით, მოწმემ დაადასტურა). გონს მოსულს თავს დამადგნენ გოჩა გოგოხია და კოხტა კოდუა, წინ დამიდეს ახალი ლეგენდა, რომელიც ჯალათმა გამომძიებელმა ილუშა აქუბარდიამ შეთხზა – თითქოს, მთაში ნადირობის დროს გამოქვაბულში ვიღაცების მიერ გადამალულ ავტომატს, ვაზნებს, კონსერვის ქილებს და ჰეროინს წავაწყდი. თურმე კონსერვი შევჭამე, ჰეროინი გავიკეთე, ავტომატი გადავიკიდე და პოლიციამ მაშინ დამაკავა, როცა ამ მდგომარეობაში სოფლის შუაგულში, ლამპიონის ქვეშ ვიდექი! – ამას მაინც თუ არ აღიარებ, აუცილებლად გაგაუპატიურებო – მითხრა გოჩა გოგოხიამ, დედა შემაგინა და პრეზერვატივ წამოცმული დუბინკა მოატანინა. მივხვდი – უეჭველად შეასრულებდნენ, მე კი, ნაწამებს, ილაჯი აღარ შემწევდა, ღირსეულად შევკვდომოდი, ამიტომ ცილისმწამებლურ ბრალდებაზე ხელი იმ იმედით მოვაწერე, სასამართლოზე ყველაფერს მოვყვებოდი.

წამებით მიცემული ჩვენება მეორე დღესვე უარვყავი და დაწვრილებით მოვუყევი სახალხო დამცველის წარმომადგენელს წამების შესახებ. იმავდროულად, განცხადებით მივმართე სამეგრელოს მაშინდელ პროკურორ როლანდ ახალაიას. ძალოვნები ცდილობდნენ, ჩემს სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები დაკავებამდე ვითომცდა, ცხენიდან ჩამოვარდნით აეხსნათ. სამ მოწმეს მოტყუებით მოაწერინეს ხელი შეთხზულ ჩვენებაზე. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოზე სამივემ უარყო ჩვენება და მოსამართლეს მოუყვნენ, თუ როგორ აშინებდნენ მათ პოლიციელები ილო აქუბარდია, რუსლან აბულაძე და თორნიკე შელია.

როცა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში აღმკვეთს მიფარდებდნენ, მოსამართლე ლელა ცანავას ჯერ სახის ნაიარევებზე მივუთითე, მერე დარბაზში მოულოდნელად, მაისური გავიძრე და მთელ სხეულზე არსებული საზარელი იარები გამოვაჩინე, მაგრამ არც მოსამართლეს და არც პროკურორ ლევან ფიფიას აინუნშიც არ ჩაუგდიათ! ამის შემდეგ არაერთი მტკიცებულება დაიდო, რომელიც ჩემს მიმართ განუკითხაობას ასახავდა. მათ შორის, ორგანიზაცია “ემპათიას” 10 კაციანი ჯგუფის 98 გვერდიანი დასკვნა, სადაც სასტიკი წამება იყო დადასტურებული, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის პიკი იყო და რას გავხდებოდი! არაფერი არ გაითვალისწინა არც ზუგდიდის რაიონულმა, არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა კი საერთოდ უარი თქვა განხილვაზე. ერთადერთი, დაცვის მხარის შუამდგომლობების დასაკმაყოფილებლად – წამების გამოძიება დაიწყეს, რასაც იძიებდა ბრალმდებელი პროკურორი ლევან ფიფია და მაია ჯაბუა. დავასახელე წამებაში ყველა მონაწილე, მაგრამ სწორედ მაგ პერიოდში სააკაშვილმა ჯალათი გოჩა გოგოხია არქანიების წინააღმდეგ საქმეთა შეთითხნის გამო გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა – აბა იმას პასუხს ვიღა მოჰკითხავდა“.

იტვირთბა....