მიმდინარე წლის ივნისში, საფრანგეთის კურორტი ნიცა დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ეგიდით ევროპის თასს მასპინძლობს, რაც არაღიარებული ქვეყნების “ევროპის ჩემპიონატად” არის მონათლული. ამ ტურნირზე საქართველოს ორი რეგიონი, ოკუპირებული აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის “ეროვნული ნაკრებები” მიიღებენ მონაწილეობას. აფხაზეთი В ჯგუფში, სხვა არაღიარებულ ტერიტორიებთან ჩაატარებს მატჩებს, ესენია: სამპი (სკანდინავიდან) და სეკეის მხარე (რუმინეთიდან). ეგრეთ წოდებული “სამხრეთ ოსეთი” С ჯგუფში არცახთან (აზერბაიჯანი) და კორნუელთან (ინგლისი) ერთად ითამაშებს.
აფხაზეთში უკვე შიშობენ, რომ საქართველო შეეცდება სეპარატისტული რეგიონებისთვის ხელის შეშლას. ამის შესახებ კეთდება განცხადებები აფხაზური მხრიდან. მათი თქმით, ეს მხოლოდ კომერციული ტურნირია და არანაირად არ განიხილება პოლიტიკურ კონტექსტში. ამ ფაქტს ეხმაურება სოხუმის დინამოს პრეზიდენტი ასტამურ ადლეიბა.
მან იმ შიშებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხოს და სეპარატისტების გუნდები ტურნირზე არ დაუშვას. მისი თქმით, ეს მხოლოდ კომერციული და სპორტული შეჯიბრია, რომელსაც კერძო კომპანია ატარებს და არ აქვს პოლიტიკური მიზნები.
“2015-ში საქართველოს ზეწოლით უნგრეთმა აფხაზ ფეხბურთელებს ვიზები არ მისცა, თუმცა 2018-ში, როცა ტურნირი ლონდონში იმართებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოთქვა. ბრიტანელებმა კი მათ უპასუხეს, რომ ეს არის კომერციული ტურნირი, რომელსაც ატარებს კომერციული ორგანიზაცია, სახელმწიფოს შეჯიბრთან შეხება არ აქვს და ვერც კომერციულ ტურნირს აკრძალავს. როგორც კი ნიცას ტურნირის შესახებ გამოქვეყნდა, ქართველები კვლავ გააქტიურდნენ, მაგრამ მათ პასუხობენ, რომ ეს ტურნირი არანაირ კავშირში არ არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობასთან. ეს არის უბრალოდ კომერციული ტურნირი”. – აცხადებს ასტამურ ადლეიბა.
ცნობისათვის, ConIFA-ს მიერ გამართულ წინა “ევროპის ჩემპიონატში” ე.წ. სამხრეთ ოსეთი გახდა გამარჯვებული, ხოლო ოკუპირებულმა აფხაზეთმა მესამე ადგილი დაიკავა.
შეეცდება თუ არა ქართული მხარე სეპრატისტულ რეგიონებისთვის ხელის შეშლას რაიმე გზით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და არც სხვა ოფიციალურ უწყებაში არ გავრცელებულა.
ქვემოთ მოცემულ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ ConIFA-ს წევრი ტერიტორიები ევროპის კონტინენტზე.