ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძველი პოლიტიკური ძალის მობრუნება არ სურს არც ქართველ ცენტრისტებს და არც ულტრაბნელებს” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს, სადაც აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენების შეფასებისას საქართველოში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების საკითხსაც განიხილავს.

როგორც ექიმი თავისივე პოსტში ამბობს, საქართველოში მესამე ძალის ჩამოყალიბება სრული უტოპიაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მესამე ძალა უალტერნატივო გახდება და ეს კი ძველი პოლიტიკური სპექტრების დასასრულს ნიშნავს.

“როცა პოლიტიკა ფსიქოლოგიურ ჩიხში შედის…

მესამე პარტია გვჭირდება, ცენტრისტული- ამოიოხრა ჩემმა გონიერმა ამერიკელმა მეგობარმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, რომელშიც დაწვრილებით განვიხილეთ ამერიკის წინა და ახლანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის პლუს-მინუსები. სიცილი ამიტყდა. გაკვირვებით შემომხედა. მოკლედ ავუხსენი ქართული მესამე ძალის შესახებ არსებული ოცნებები. ბოლოს ერთხმად დავასკვენით, რომ მასის ფსიქოლოგიაც უნივერსალურად ერთნაირია და გონიერი ადამიანებისაც, მხოლოდ სახელმწიფო სისტემებშია განსხვავება, თუმცა სისტემის დაცვით შესაძლებლობებსაც აქვს თავისი ზღვარი და შეიძლება კოლაფსი განიცადოს.

მიუხედავად დაპირებებისა, ამერიკის ახალი მთავრობა ულტრამემარცხენეა. ეს ბუნებრივია; ვისი მეშვეობითაც იმარჯვებ, ის თავის “ხარკს” მოითხოვს და წაიღებს კიდეც. ულტრამემარცხენეობის გაძლიერებამ მოიყვანა ულტრამემარჯვენეობა ტრამპის სახით მთავრობაში, მაგრამ ამის ღიად გაანალიზება არავის სურს. ულტრამემარჯვენეების რევანშით შეშინებულმა ცენტრისტებმა ბაიდენის იმიჯის მიღმა მიმალულ ულტრამემარცხენეებს დაუჭირეს მხარი იმ იმედით, რომ ახალი პრეზიდენტი ზომიერი ცენტრისტი იქნებოდა; მაგრამ ვერ გათვალეს, რომ ეს ფიზიკურად იქნებოდა შეუძლებელი. ასაკოვანი პრეზიდენტი მხოლოდ სიმბოლოა ცენტრიზმის, მას არავინ ეკითხება თუნდაც საკადრო პოლიტიკას.

დემოკრატები შეეცადნენ ტრამპის საბოლოო ჩამოშორებას პოლიტიკისაგან, მაგრამ იმპიჩმენტმა ვერ გაჭრა ორი მიზეზის გამო. რესპუბლიკელები არ და ვერ ენდობიან ულტრამემარცხენეებით დომინირებულ ოპონენტებს და ვერ თმობენ მათ საპირწონე ერთადერთ ულტრამემარჯვენე ლიდერს. ამასთან, ეს ნდობა რომ არსებობდეს კიდეც, მათი საკუთარი ამომრჩეველი არ აძლევს უფლებას, რომ ტრამპს განუდგნენ. ისინი წააგებენ კიდევ უფრო მკვეთრ მემარჯვენეებთან და ეს ძალიან საშიშია.
ასე შევიდა ამერიკული პოლიტიკა სრულ ფსიქოლოგიურ ჩიხში და ამიტომ გამოიკვეთა მესამე, დაბალანსებული პოლიტიკური პარტიის შექმნის ლოგიკური აუცილებლობა, რაც თავის მხრივ სრული უტოპიაა, რადგან ამას ორივე პარტიის დამფუძნებელი ბირთვი გაუწევს წინააღმდეგობას და არ დაუშვებს ახალი, ძალიან პოპულარული, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალის შექმნას.
გეცნობათ სიტუაცია? პოლიტიკური პარალელები? 🙂

დიახ. საქართველოშიც ზუსტად ანალოგიური ფსიქოლოგიური ჩიხია. ძველი პოლიტიკური ძალის მობრუნება არ სურს არც ქართველ “ცენტრისტებს” და არც “ულტრაბნელებს”. “ბნელების” მოტივაცია რევანშის ცხოველური შიშია; ცენტრისტებიც რევანშს უფრთხიან, თუმცა ამაზე უფრო პოლიტიკური სტაგნაციის გაგრძელების დარდი აქვთ, რადგან არც წინა მთავრობას გამოუჩენია თავი სისტემის შექმნის სურვილითა და მცდელობით. რევანში რომ შედგება, ამაში კი “ბნელებიც” და “ცენტრისტებიც” ერთნაირად არიან დარწმუნებული და არ არსებობს ლოგიკა და დაპირება, რომელიც მათ ამ შიშს გაუქარწყლებს. არადა, ისევე როგორც ამერიკული რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა არსებითი სპექტრი ტრამპს უჭერს მხარს, ანალოგიური ბალანსია ქართული გაერთიანებული ოპოზიციის ამომრჩეველთა სპექტრშიც. მათაც ჰყავთ თავიანთი პოლიტიკური კუმირი, რომელსაც არაფრით არ შეელევიან.

მესამე ძალის ჩამოყალიბება საქართველოშიც სრული უტოპიაა, რადგან ამას ერთნაირი გააფთრებით აღუდგებიან წინ როგორც “ბნელების”, ასევე “ცენტრისტების” პოლიტიკური ბირთვებიც. ბუნებრივია; როგორც ამერიკაში, ისევე საქართველოშიც მესამე ძალა უალტერნატივო გახდება და ეს კი ძველი პოლიტიკური სპექტრების დასასრულს ნიშნავს. ეგზისტენციალური შიშები ზუსტად ანალოგიურია.
რა უნდა მოხდეს, რომ ჩაკეტილი წრე გაიხსნას?

შეგიძლიათ თავად იოცნებოთ, რადგან ლოგიკა ასეთ შემთხვევებში იძინებს და ასპარეზს ბედისწერას უთმობს.” – წერს ზურაბ გურული.

იტვირთბა....