“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.
ბერძენიშვილი აღნიშნულ მიმართვაში “ევროპული საქართველის” ლიდერის იმ საპასუხო განცხადებას ეხმიანება, რომელიც გიგა ბოკერიამ მისი გუშინდელი “ფეისბოქ” პოსტის შემდეგ მედიასთან გააკეთა.
“რა უცნაური რამ უთქვამს გიგას. პოლიტიკიდან წასვლას არ ვგეგმავ და ეს არც მემუქრება.
გიგას კი ვუთხარი, რომ მას ასაკის პრობლემა არა აქვს, ამომრჩეველთან აქვს პრობლემა.
საერთოდ მას სულ არ ეხება, რაც ვთქვი ეთერში და დავწერე სტატუსში.
გიგა ნამდვილად ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა…ვერც ელექტორალურად.
პარტიაში პირველი თუ აღარ იქნება, პოლიტიკაშიც რა ესაქმება?
ვინც ასე ფიქრობს ბევრი წელია, ამომრჩეველმა კი მიუთითა, რომ საკუთარ პარტიებს უქმნიან პრობლემას.
სანამ ოპოზიცია ერთიანად ქუჩაშია, კარგი იქნებოდა, სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულიყო, ნდობის რეიტინგი ოპოზიციურ ამომრჩეველში( ნაცურშიც და არანაცურშიც) ვის რამდენი აქვს… ძალიან მაღალი უარყოფითი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების პერმანენტულ რეჟიმში მიკროფონთან ყოფნა აქციაზე თუ ეთერში იქნებ დამაზარალებელია? ამასაც გავიგებდით.
ჰოდა, სანამ ამას გავიგებთ, თავსაც დავიზღვევ და ოპოზიციასაც დავაზღვევ ერთი თვით ტელეეთერისგან დისტანცირებით. მეტი კი არაფერი. არავის ვერჩი უკლებლივ ყველა პოლიტიკოსთან ნორმალურო ურთიერთობა მაქვს, მტრად არავინ დამინიშნავს და ოპოზიციიდან ვინმეს გარიცხვის წყურვილი არ მკლავს.
პოლიტიკური პრაგმატული ამოცანები მაქვს მეც, როგორც ერთ ოპოზიციონერს…
საუფროსო პოსტი კიდე არც არასდროს დამჭირვებია პოლიტიკური კლასის სტაბილური წევრობისთვის.” – წერს დავით ბერძენიშვილი.
შეგახსნებეთ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “რესპუბლიკური პარტის” წევრის განცხადების საპასუხოდა თქვა, რომ – „მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს დავით ბერძენიშვილი, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი, მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო“.
ბოკერიას აღნიშნული განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” წევრის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სადაც ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ტრიბუნაზე, ასევე ტელეეთერში უნდა შეამცირონ გამოსვლები და სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ერთი თვე არ წავა არც ერთ პირდაპირ ეთერში.
„ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ (ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) – გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც. კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ. ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია“, – წერს დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.