დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან გასული ერთი წელი შეაფასა.
როგორც გამყრელიძემ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს „სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაქსიმალურად კარგი შედეგი ჰქონდა და მანამდე ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა“.
„მთელი რიგი ნორმატიული აქტები, მოსამზადებელი სამუშაოები, სამედიცინო სექტორის მზადება საკმაოდ ადრე დაიწყო. ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ ადრეული, დროული და მულტისექტორული პასუხი ამ გამოწვევაზე. ამან გამოიწვია ის შედეგი, რომ დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებამდე ერთ-ერთი საუკეთესო პარამეტრები გვქონდა და მსოფლიოს პირველ ხუთეულში შევდიოდით.
შემდეგ შეგვექმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, რეკომენდაციას აღარ იცავდნენ, ამას დაემატა დიდი პოლიტიკური პროცესი – წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დიდი მობილობა იყო, ასევე თვითონ არჩევნები, არჩევნების შემდგომ პერიოდში კი მობილობა გაზრდილი იყო სხვადასხვა დიდი შეხვედრის და შეკრების ხარჯზე. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სერიოზული მეორე ტალღა და დაზიანება მიიღო ქვეყანამ. თუ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვიყავით პირველ ხუთეულ ქვეყანაში, ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც პიკზე ვიყავით, გადავინაცვლეთ პირველ ადგილზე, ოღონდ უარესი მაჩვენებლებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.