,,ფორმულას” წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ჰყვება, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, უცნობი პირი მას სახლთან დახვდა და ფოტოებს უღებდა.
როგორც ჟიჟილაშვილი ამბობს, კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის.
“ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ და არ მივმართე პოლიციას. მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და მიღებდნენ ფოტოებს. მეზობელი ჩაერია და მეორედ იგივე მამაკაცი დამხვდა და შემდეგ უკვე ოჯახის წევრები ჩაერივნენ. ამით სიტუაცია განიმუხტა. ეს ხდება შიგადაშიგ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი აუცილებლად მოგზავნილია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ არა. ჩემი ეზო არის შემოფარგლული და შემთხვევით იქ არავინ ხვდება. ანუ ვიღაც დგას, გელოდება. შემდეგ შემომყვა სადარბაზოში, როცა მეზობლებმა ჰკითხეს ვინ ხარ, მერე გაიქცა”, – განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი.
შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.