ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, უფრო მეტად გაღრმავდა.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.
„საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.
ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.
გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.
პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში“,-აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.