ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“განვიცდი, სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო… ამ ბავშვმა რაღაც იცის”- ანზორ მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მამის, კარდიოლოგ ანზორ მელიას განცხადებით, მისი შვილი  არის პოლიტპატიმარი და პატიმრობა მას მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ შეუფარდა.

როგორც ანზორ მელია “ფორმულას” ეთერში აცხადებს, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მელიას ტერორისტი უწოდოს და მას ამის დამტკიცება მოუწევს.

კარდიოლოგი მელიას შვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკვე მეექვსე დღეა მამამისს კითხულობს და სახლში ელოდება.

“ერთ კვირაში ნიკა იქნება სახლში, მე დარწმუნებული ვარ. თუ ამ მთავრობას კიდევ შერჩენია საღი აზროვნება, თუ ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომელსაც ქვეყნის ბედი გულთან ოდნავ მაინც მიაქვს, მათ მიერ მიტაცებული სასამართლოთი ნიკა უნდა გაამართლონ. ამის შანსი ამ სასამართლოს აქვს.

“ერთადერთი, რასაც განვიცდი – სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო და ეს როგორ შეიძლებაო. ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ტელევიზორიც გამორთული გვაქვს, როცა სანდრო ჩვენთან არის, მაგრამ ამ ბავშვმა რაღაც იცის. ადრე ჩვენთან სულ რჩებოდა ხოლმე, ახლა დედასთან ყოფნას ითხოვს”. – ამბობს ანზორ მელია.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....