“საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო,” – ამის სესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის განმარტებით, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტით, შესაბამისი ხელისუფლების პირები დაინტერესდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს ის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში.
“შესაბამისი ხელისუფლების პირები დაინტერესდნენ იმით თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა და ის ინტერვენცია, რომელიც მან განახორციელა იყო თუ არა, მეგობრული. საქართველოს მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან მიმართებით იყო ნეიტრალური და ობიექტური. მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან რაც არ უნდა სიმპათია გქონდეს, ამას აფიქსირებდე საჯაროდ,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პავილიონისმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შედგეს დიალოგი, რისთვისაც უნდა შეჩერდეს სასამართლო საქმეები. მისივე თქმით, თუ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, ის დაიღუპება.
ჟიგიმანტას პავილიონისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც მიმართა, ყურადღება გაამახვილოს ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ჩადენილ შესაძლო ქმედებებსა და აგრესიულ ტონზე.