ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ხვალიდან გაიხსენება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო მომდევნო დღეებში მუშაობას განაახლებენ სამთო-კურორტებზე სასტუმროები.
“მივიღეთ შემდეგ გადაწყვეტილება. სასტუმროები სამთო-კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, რეგულაციების სრული დაცვით, საბაგიეროები გაიხსნება 8 მარტიდან, საქალაქთაშაორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან,”- აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერის ინფორმაციით, ძალაში რჩება 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შეიმუშავა.
შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა პირველი თებერვლიდან, კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო მოლები და განახლდა სასწავლო პროცესი, 8 თებერვლიდან კი ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.