მწერალი ლაშა ბუღაძე რუსთაველზე გამართულ აქციაზე იმყოფება და მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური ეროზიის პროცესი უკვე დაწყებულია. ის პარტიის წევრებს გამიჯვნისკენ მოუწოდებს.
“წკეპლას რომ გადაუჭერს ხოლმე მისი პატრონი ივანიშვილი ღარიბაშვილს. როცა უნდა, რომ ამოთხრის და დაგვიყენებს ამ პოლიტიკურ დრაკულას. ეს უკვე ნიშნავს, რომ დაწყებულია ეროზია, იშლება ეს პოლიტიკური სისტემა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს ვინც ახლა “ქართულ ოცნებასთანაა” და არ სცხვენოდა როდესაც ტაშს უკრავდნენ, იმ არარაობა ღარიბაშვილს, როდესც ჩვენს ლიეტუველ მეგობარს ასე ლანძღავდა.
კახა კალაძეს მინდა მივმართო, თბილისის მერს, რომელიც ჩემი თაობის და არა მარტო, სიამაყეს წარმოადგენდა, როგორც ფეხბურთელი და საქართველოს სახელი. რა რჯის რომ მიჰყვება ივანიშვილს ამ პოლიტიკურ სამარეში, ადამიანს, რომელსაც სძულს საქართველო.
ან იგივე თალაკვაძეს, რომელსაც ვიცნობდი, როგორც წესიერ და სამართლაინ ადამიანს, ასე როგორ დაკარგა სახე და დეგრადირდა. ამ ადამიანებმა ხომ უნდა იცხოვრონ მომავალში? თავის შვილებისთვის ან თავიანთი თავისთვის ხომ უნდა დატოვონ სივრცე, რომ ვიღაცამ გამარჯობა მაინც უთხრას.
მე არ მოვუწოდებ ვოლსკის და რიმა ბერაძეს, ესენი გადასარევად იყვნენ კომუნიზმშიც. მათთვის ეს ბუნებრივი გარემოა, კომკავშირი, პარტკომი, ცეკა, რაიკომი. მე მივმართავ ახალგაზრდებს, გამოდით და გვერდით დაუდექით ქართველ ერს. ვისაც დღეს სძინავს, გამოტოვებს საქართველოსთვის ძალიან მძიმე დროს, დღეს შეიძლება დავკარგოთ დამოუკიდებლობა ისე, რომ ვერც მივხვდეთ”, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს.
ასევე, ოპოზიციამ 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსა.