ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დიდი მადლობა, ვამაყობ თქვენით” – ღარიბაშვილის პირველი კომენტარი სპეცოპერაციის შემდეგ

“დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვაყვს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, მე მინდა მას და ყველა პოლიციელს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ, ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ნიკა მელია არის კრიმინალი, ხოლო მისი დაკავების ოპერაციისას პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა.  ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მას ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი უწოდა.

“გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი. მე ყველას შევახსენებ, რომ ბატონი მელია იყო გასამართლებული ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზე. ხოლო ის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც დღეს დააკავეს, უკავშირდებოდა სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დადგეგმეს და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე არის ვალდებული, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. რაც შეეხება პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს – ეს არის ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ჩვენმა გმირმა პოლიციამ. ის რაც არის ევროპული და ამერიკული დემოკრატიების სტანდარტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

 

იტვირთბა....