უნდა გამოვიყენოთ მეგობრები, რომლებსაც ვენესუელას ახალ ხელისუფლებასთან კავშირები აქვთ – აცხადებს სერგი კაპანაძე
წაიღებს თუ არა უკან ვენესუელა აფხაზეთის აღიარებას? ეს კითხვა საკმაოდ ადეკვატური მას შემდეგ გახდა, რაც ვენესუელაში ხელისუფლება შეიცვალა. აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვენესუელასთან ერთად ვანუატუმაც აღიარა. ამ უკანასკნელის აღიარება-არაღიარების საკითხი არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცხადია, რომ ვანუატუს მსგავს ქვეყნებს ყოველთვის გამოუჩნდებათ რუსეთის სახით ისეთი ქვეყნები, რომლებიც ამაში ფულს გადაუხდიან.
ვენესუელას მიერ აფხაზეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ეროვნული „არაღიარების პოლიტიკისთვის“ ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ და არც არასოდეს ჰქონიათ.
ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ამ საკითხზე მუშაობა დაიწყება. რაც შეეხება, ზოგადად არაღიარების პოლიტიკას, როგორც სამინისტროში გვითხრეს, ამ თემაზე უწყება მუდმივად მუშაობს.
რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ გამოიყენოს შანსი, იგულისხმება ვენესუელაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, რათა ვენესუელამ უკან წაიღოს თავისი აღიარება.
ამ თემაზე „მეტრონომს“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ესაუბრა.
„რასაკვირველია, ნებისმიერი ასეთი ცვლილება უნდა გამოიყენო. საქართველოს არაღიარების პოლიტიკაში ძალიან სერიოზულად უდგას მხარში ევროკავშირი და ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნები. ჩვენ არ გვაქვს ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობა. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორების საშუალებით შეიძლება ნიადაგის მოსინჯვა ამ მიმართულებით“.
„ჩემი მინისტრობის პერიოდში აღიარებათა რიცხვი 5-დან 3-მდე შემცირდა და ეს მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტენსიური მუშაობის ხარჯზე“. – გვითხრა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის განმარტებით, ვენესუელას წინა ხელისუფლებასთან არაღიარების საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება თითქმის შეუძლებელი იყო. ახლა, ამის რეალური შანსი არსებობს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიურად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე და გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის პარტინიორთა რესურსები.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელ სერგი კაპანაძეს.
„ყველაფერი უნდა კავაკეთოთ იმისთვის, რომ აღიარება უკან წაიღონ. შეიძლება ორმხრივი მუშაობა ვენესუელას ახალ ძალასთან, რომელიც უმრავლესობით მოვიდა პარლამენტში, ასევე ჩვენი მეგობრების გავლით, რომელთანაც ვენესუელას ახალ ხელისუფლებას კარგი ურთიერთობა აქვს.“
კაპანაძის განცხადებით, ვანუატუმ და ტუნაუმ, სახელმწიფოები, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკან წაიღეს ეს აღიარება. ამ საკითხზე მუშაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ დაიწყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დამთავრდა ეს პროცესი.
ხელისუფლება მუდმივად უნდა ეცადოს, რომ თითოეულ ქვეყანასთან, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს აქტიურად იმუშაოს. ეს აფხაზებს იმის მიხვედრაში დაეხმარება, რომ მათი დამოუკიდებლობა ფიქციაა.
მარიამ ვარადაშვილი