რადგან სიტყვის თავისუფლებაა, ყველაფრის თქმა არ შეიძლება – აცხადებს ჯაჭვლიანი
„საზოგადოებაში არსებობს დაუწერელი კანონები. ანუ არსებობს კანონი და არსებობს მორალური კანონი, მაგრამ მორალი პირობითია და ყველას თავისი მორალი აქვს“ – ასეთი ზოგადი, მრავლისმთქმელი შესავალი გაუკეთა დღეს, თავისი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე სოსო ჯაჭვლიანმა. შეგახსენებთ, რომ მისი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება.
„სამწუხაროდ, ამ ბოლო წლების განმავლობაში, იმის გამო რომ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლებაა, /თავს ყველაფრის თქმის უფლებას აძლევენ/. რადგან სიტყვის თავისუფლებაა, ყველაფრის თქმა არ შეიძლება“ – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა და დასძინა, რომ ჯარიმა მინიმალური თანხაა (შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით რელიგიური გრძნობების შეურაცყოფისთვის ჯარიმა 300 ლარია, ანუ საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე თითქმის ორჯერ მეტი. ხოლო განმეორებით შეურაცხყოფისთვის – 600 ლარი).
ჟურნალისტების კითხვებზე, თუ კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, ჯაჭვლიანმა ერთ-ერთ მაგალითად ლია უკლებას ცნობილი ნახატი, „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით ხელში“ მოიყვანა და თქვა, რომ ხატების ასე გაშარჟება დაუშვებელია. თუმცა, სხვა მაგალითები, თუ რა ჩაითვლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად და რა – არა, ვერ დაასახელა. მან განაცხადა, რომ კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საქართველოში მცხოვრებ ყველა აღმსარებლობის ადამიანს დაიცავს. „მეტრონომის“ კითხვაზე, თუ რა საჭიროა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ცალკე კანონი, როცა არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ჯაჭვლიანმა ასევე ვერ გასცა კონკრეტული პასუხი და ისევ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე გააკეთა აქცენტი.
ასე რომ, შეიძლება სულ მალე დაუწერელი კანონები შავით თეთრზე დაწერილი ვიხილოთ პარლამენტში და თუ დაუწერელი კანონების რაოდენობას გავითვალისწინებთ, გამოდის რომ ქართველ პარლამენტარებს უჩვეულოდ ბევრი მუშაობა მოუწევთ.