კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების 80% ამ კვირში შემსუბუქდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ირკვევა, რომ ამ კვირაში გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თბილისი-რუსთავის მარშრუტი, მუშაობას განაახლებენ კინოები და თეაყრები, ასევე, შესაძლოა შემსუბუქდეს ე.წ. კომენდანტის საათი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.
„ოთხშაბათს საკოორდინაციო საბჭო შეიკრიბება. ვირუსის გამომჟღავნების მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდა, 2.83%-ზეა ახლა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ბევრი საჭირბოროტო კითხვა დაისვას.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისგან პირობა მივიღეთ, რომ შეზღუდვები მოიხსნება და მუშაობას შეძლებენ თეატრები, კინოები. გარკვეული მოსაზრებაა კომენდანტის საათზე – შესაძლოა, გადაიწიოს ღამის 12 საათამდე, ამას საბჭო საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს.
რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს – პირველი პრეცედენტი თბილისი-რუსთავი იქნება, მაგრამ საბჭო ამის გადაწყვეტილებას მიიღებს. საუბარია მთის კურორტებზეც – სავარაუდოდ, შეზღუდვა აქაც მოიხსნება, მთავარია, წესების დაცვა და დისციპლინა.
რაც შეეხება შაბათ-კვირის დაწესებულ შეზღუდვებს, მოგვიწევს თამამი ნაბიჯების გადადგმა და ეს ირაკლი ღარიბაშვილის პრინციპულობაზეა დამოკიდებული – როგორი ვითარება დახვდება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შეიმუშავა.
შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა პირველი თებერვლიდან, კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო მოლები და განახლდა სასწავლო პროცესი, 8 თებერვლიდან კი ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.