პირველი არხის კითხვას, რეალურია თუ არა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მოხერხდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა, ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს, რომ ეს არარეალურად მიაჩნია.
კულუმბეგოვის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ასაცრელად ქვეყანას სჭირდება თვეში 400 000 ინექცია, რაც არარეალურია.
ასევე, როგორც ალერგოლოგი განმარტავს, 65 წელს ზემოთ ადამიანების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების აცრა სრულად თუ მოხერხდება, შესაძლებელი გახდება ქვეყნის შეზღუდვების გარეშე მართვა.
„მოსახლეობის 60 პროცენტის იმუნიცაზია ნიშნავს აცრა გაუკეთდეს 1 400 000 ადამიანს. იქ დანაკარგიც არსებობს, როგორც ყველამ იცის და საბოლოო ჯამში, გვესაჭიროება 3 900 000 დოზა. რასაკვირველია, რთული მიზანია დასახული, ვინაიდან 2021 წლის პირველი ორი თვე ისე წავიდა, რომ ვაქცინის ერთი დოზაც კი არ გვაქვს გაკეთებული. ეს მარტიდან თუ იქნება, რეალურად დაგვრჩა მხოლოდ 10 თვე. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას სჭირდება თვეში 400 000 ინექციის გაკეთება, რაც გულწრფელად რომ გითხრათ, არარეალურად მიმაჩნია.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა მაინც თუ აიცრება და ეს არის დაახლოებით 25-30 პროცენტი – 60-65 წელს ზემოთ ადამიანები და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონენი. ამ ადამინების აცრას მაინც თუ მოვახერხებთ, რეალურად შეგვეძლება, რომ ქვეყანა შეზღუდვების გარეშე ვმართოთ, რადგან მარტო ერთადერთი ვალდებულება იქნება – პირბადის ტარება. სხვა მხრივ, რაიმე ისეთი გართულებები, რომ კლინიკები გადაგვეტვირთოს ან სიკვდილიანობამ მოიმატოს, მაშინ უკვე აღარ იარსებებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას ქვეყანა თებერვლის ბოლომდე მიიღებდა.