ჭამა და სექსი. ამ, ერთი შეხედვით მხოლოდ სიამოვნებასთან ასოცირებულ მოვლენებს ასეთ სათაურთან თითქოს არ უნდა ჰქონდეს კავშირი, და თუ აქვს, თითქოს მხოლოდ მშვიდობასთან. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით. ყველა ომების უკან და ყველა ომების მიზეზთა არსში მხოლოდ ისინი დევს და სრულიად უმნიშვნელოა ის, რომ თვითონ მიზეზი სულ სხვა ფორმის და ჟღერადობისაა. ალმასი, ოქრო, მოგვიანებით ნავთობიც… ფული ერთი სიტყვით! – საბოლოო ჯამში კუჭისთვის და სექსისთვის განკუთვნილი პროდუქტია და ომის ნებისმიერი მიზეზიც,საბოლოო ჯამში, მათთან დადის. გემრიელი ლუკმა ან სასურველი ადამიანი იყო პირველი მკვლელობის მიზეზი. ვიღაცამ ვიღაცას ვერ დაუთმო, ვიღაცამ ვიღაცას ვერ გაუყო, წაგლიჯა, ცემა, მოკლა. ყველაფერი ტყავის დონეზე დაიწყო და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ტყავის ფრაკით, ან ინკვიზიციის თანამედროვე მართლმსაჯულებით შეცვლამ, გარეგნულის გარდა, რამე შეცვალა – ცდება. ადამიანი დღემდე აგრძელებს საჭმლის და სექსის გამო კვლას და მიუხედავად იმისა, რომ ამას „ცივილიზებული“ ფორმით აკეთებს, აკეთებს ზუსტად იგივეს, რასაც მისი წინამორბედი ჯოხით, ქვით და ხმლით აკეთებდა. შუბზე აგებული მამონტის ბარბექიუზე შეგდებული სტეიკით შეცვლა, ვფიქრობ, ბევრს არაფერს ნიშნავს. გარეგნულ იერს თუ არ ჩავთვლით, ვფიქრობ არც მამონტის ეშვები განსხვავდება ფულის კუპიურებისგან დიდად.
ვისწავლეთ ენა… უფრო სწორად ენას დავეუფლეთ – და არაერთს. ცეცხლი დავანთეთ. ნუ, ადრე თუ გვიან მეხი ადამიანის სიახლოვეს მაინც ჩამოვარდებოდა და აღმოვაჩენდით მის სასარგებლო და აუცილებელ თვისებებს. ამ მეთოდით აღმოვაჩინეთ კიდეც, ანუ მთლად გონების მიერ გაწეულ გარჯაში ეს არ გვეთვლება… მადლობა იმ დღევანდელ ავდარს. ბორბლის იდეასაც მივაგენით და, კი, ამ იდეამ მეტად წინ წაგვწია, მეტად ცივილიზებული სახეობა გაგვხადა, თუმცა… თუმცა, როგორც მეგობარს ამ დღეებში შევჩივლე – მიუხედავად განვითარების კიბეზე ასეთი აღმასვლისა, დღევანდელი კაცობრიობის, და არამარტო დღევანდელის, სულ ათ პროცენტს ესმის, ხედავს და გრძნობს, რომ ჩხუბს არჩხუბი სჯობს, კონფლიქტს უკონფლიქტობა… ომს მშვიდობა. საინტერესო კი ის არის, რომ იდეის დონეზე ეს ყველამ იცის და მიუხედავად ამისა, ფორმალური ცოდნის იქით, პრაქტიკაში, მხოლოდ მცირე ნაწილი სთესს.
პოლიტიკა ამ მხრივ გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სცოდავს. უფრო სწორად არც სცოდავს, თავად ქმნის ცოდვებს… თუ ასეთის შექმნა შესაძლებელია. ის ამ მხრივ რქიანი და კუდიანი მონსტრია. პოლიტიკა უნდა იყოს ფილოსოფოსების საქმე!.. ბრძენი ადამიანების საქმე. ეს პლატონის სიტყვებია. სიბრძნე თავის თავში ერთმნიშვნელოვნად კეთილშობილებას, სიკეთეს, სიყვარულს გულისხმობს და ამ თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანების მიერ მართული საზოგადოება არ შეიძლება აგრესიული იყოს. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ კაცობრიობა ფაქტობრივად ერთი დიდი მატყუარა გამოდის! – იდეის დონეზე ცნობს და აღიარებს ცნებებს, რომელთა სისრულეში მოყვანაზეც უარს ამბობს. მისი საქციელით (ან უსაქციელობით) ღიად და ხმამაღლა აცხადებს, რომ იტყუება როცა სიკეთეს და სიყვარულს ქადაგებს. ყოველ შემთხვევაში მმართველი კლასის 99% ასეთი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, მათი ხმით და ენით კი, სახელმწიფოს ფორმატში, მილიარდობით ადამიანი ლაპარაკობს. ისინი, ვინც დღეს სახელმწიფოებს და მთლიანად მსოფლიოს მართავენ, ფაქტობრივად ბოროტი ადამიანები არიან და ბოროტების გამოხატულებას სახელმწიფოებრივ აზროვნებას უწოდებენ. ასეთი ადამიანები მართავენ მსოფლიოს და ეს რასაკვირველია ცუდია! იდეაში სახელმწიფოს კეთილშობილ ადამიანთა ჯგუფი ჰყავს სათავეში და არა ძალაუფლებას მოწყურებული ავი და ხარბი ბავშვები.
ამ ხალხს ერთი რამ არ ესმის – მილიონი, მილიარდი წელი არაფერს არ ნიშნავს არც ცალკე აღებული სახეობის ევოლუციისთვის და მითუფრო ცალკე აღებული პლანეტის სიცოცხლისთვის და ის ბალანსი თუ დაირღვა, რომლის დარღვევაც არაფრის დიდებით არ შეიძლება და რომელიც აშკარად დარღვეულია, ადამიანს კიდევ ერთხელ დაემუქრება ის, რაც არაერთხელ დამუქრებია. აიღებს ეს ცისფერი ბურთი და კიდევ ერთხელ და ხმამაღლა გაგვიბრაზდება.
რამდენიმე დღის წინ, გამოვთქვი და გავიმეორებ იგივე აზრს – A-დან B წერტილამდე ცხოვრება იმდენად მოკლეა და უაზროა, რამდენადაც მონაკვეთი და მისი ასე განვლა არ ღირს. ცხოვრება უნდა იყოს ცოცხალი და სიცოცხლის განცდით სავსე. ის არ უნდა იყოს ხორცის და ძვლების გროვის რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე მექანიკური მუშაობა… წრფის განცდა უნდა იყოს ცხოვრება! ჩვენდა საუბედუროდ ისინი, ვინც დღეს მმართველ წრეებში არიან, არიან მონაკვეთური აზროვნების და ასეთი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები. დასასრული მათთვის დასასრულია და მათი ქვეცნობიერება მათ დროში ჩატევისკენ უბიძგებს. ნებისმიერ ფასად ყველაფრის მოსწრებისკენ უბიძგებს. ისინი ათასწლეულების წინაც ასეთები იყვნენ და ასეთებად რჩებიან. აგრესორები სწორედ ისინი არიან! მთები, ზღვები, ტბები და მდინარეები ომებს არ იწყებენ. სახელმწიფოები ომებს მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ინიციატივით იწყებენ და ჯარისკაციც, ისევე როგორც მავანი მეპურეც, მეტყევეც და მათი ოჯახებიც მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ამბიციებს ეწირებიან და გმირის წოდებასაც სწორედ მათი ამბიციების სანაცვლოდ იმსახურებენ… ხშირად სიკვდილის შემდეგ.
ადამიანები, როგორც სახეობა, ჩაცმულ, დახარულ, სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე და მეტ-ნაკლები კომფორტის პირობებში მცხოვრებ არსებებად იმათგან ჩამოვყალიბდით, ვინც ამ ყველაფერს მოკლებული იყო, თუმცა აქამდე მოსულები განვითარების კიბის ერთ საფეხურს ვტკეპნით უკვე ძალიან დიდი ხანი. გაგვხადე ტანსაცმელი, გამოგვყარე სახლებიდან და ისტორიამდელი ადამიანისგან დიდად აღარ განვვსხვავდებით. გუშინდელი ომი დღევანდელისგან მხოლოდ ფორმით განსხვავდება – სხვა რითი? კეტით მოკლული კაცი ყუმბარის ნამსხვრევისგან მოკლულისგან რით განსხვავდება?!
გასაგებია რომ სისტემა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, ვიღაცამ უნდა მართოს, ოღონდ ეს ადამიანები ლამაზი გონების პატრონები უნდა იყვნენ და მხოლოდ ასეთის. არ ვიცი რამდენად ფანტასმაგორიულად ჟღერს, მაგრამ ამ მიმართულებით მიმავალი კაცობრიობა აუცილებლად დაიღუპება!.. დაიღუპება იმიტომ, რომ ბალანსს არღვევს იმდენად ზედმეტად და ინტენსიურად, რამდენადაც სიცოცხლისთვის საშიშად. არ შეიძლება ასე არც ბუნების და არც ერთმანეთის მტვრევა და ნგრევა. ეს პლანეტა მარტო მიწა და წყალი არ არის, ის ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორიც ნებისმიერი სხვა და გაცილებით უფრო მეტად გონიერი და მგრძნობიარე, ვიდრე ჩვენ. ჩხუბი, ომი, კაცისკვლა არ შეიძლება გამართლებული იყოს არანაირი ფორმალობით!.. არც სახელმწიფოთა შორის ომით და არც სხვა მსგავსით. პატრიოტიზმით გამართლებულ მკვლელობასა და სადღაც ჩიხში ჩადენილ დაქირავებულ მკვლელობას შორის სხვაობა მხოლოდ მკვლელის თვითიდენტიფიკაციაში და დამქირავებელშია. კარგია რომ დიდმა ომმა სიხშირე შეიცვალა და კარგია, რომ სისასტიკემ ადამიანში მოიკლო. კარგია რომ ხალის „არასწორ“ ადგილზე ქონის და თვალის „არასწორი“ ფერის გამო კოცონზე აღარ ვწვავთ – ეს გარკვეულწილად ჰუმანურობის მატებაზე მიანიშნებს – ოღონდ როგორ შეიძლება ჰუმანურობაზე ლაპარაკი იქ, სადაც სისასტიკის ფორმალური კლების პირდაპირპროპორციულად ადამიანის გონებრივმა შესაძლებლობებმა და, როგორც შედეგი, სისასტიკის უფრო გონიერად გამოვლინებამ იმატა?! როგორ შეიძლება მშვილდისარიდან ატომურ ბომბამდე გზას ჰუმანურობისკენ მიმავალი გზა ვუწოდოთ?!
ომებს იწყებენ ადამიანები და ადამიანები ამთავრებენ… ოღონდ იწყებენ ერთმნიშვნელოვნად ცუდი ადამიანები! იმათი „შთამომავლები“, ვისი სისხლიც, ტვინიც და გონებაც ნაკლით არის სავსე და საუბედუროდ და ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხოლოდ ასეთები ისწრაფვიან.
დიდი აგრესია, ადრე თუ გვიან, რასაკვირველია კვლავ ჰპოვებს გამოსავალს! რასაკვირველია ე.წ. მესამე მსოფლიო ომი ადრე თუ გვიან გვეწვევა. შეუძლებელია ამხელა შეიარაღების მქონე მსოფლიოსთვის დაგროვილი არსენალი გამოუყენებელი დარჩეს. არავინ არ აპირებს ტანკების დაშლას და ველოსიპედების აწყობას. ომი გვექნება – ეს ფაქტია!.. გვექნება ისევ იმავე მიზეზის გამო – ფრაკების, სტეიკების, კუპიურების – საჭმლის და სექსი -ს გამო და ამას ისევ ფორმალურ იერს მივცემთ. კონკრეტული ადამიანების სიბრიყვეს და არაკეთილგონიერებას ისევ სახელმწიფოებრივ იერს მივცემთ. ვიჩხუბებთ ისევ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მიზეზიდან გამომდინარე, თუმცა უკვე ცივილიზებულად და „მაღალგანვითარებულად“. ოღონდ გაურკვეველია კაცობრიობის შემდგომი ბედი. ბირთვული ომის შემთხვევაში, ამაზე კი წითელი პულტის მფლობელი ყველა ხელი წამსვლელია, ფაქტობრივად უდაბნოში გადავსახლდებით. პაწია, მინი დარტყმები პაწია სახელმწიფოებს შეეხება და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ ზუსტად მათ რიცხვში ვართ.
ერთი სიტყვით, და ჩვენდა საუბედუროდ, ომი გარდაუვალია! როგორც ვულკანოლოგები ამბობენ – საკითხავი ის კი არ არის მეგა ვულკანი იელოსტოუნი ამოიფრქვევა თუ არა, საკითხავია როდის ამოიფრქვევა… თუმცა ვინ იცის? ვულკანოლოგებს არ მგონია იმხელა ცოდნა და იმხელა ნება ჰქონდეთ, რამხელაც პლანეტა დედამიწას.
ვასო შონია