ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი

,,ექსტრაგრძელი’’ ვამპირის კბილები, ,,სიცილის ტომარა’’ და ცალკბილა მოხუცის ნიღაბი

როი ანდერსონის ახალი ფილმის სათაურიც კი უკვე ციტატაა – ,,მტრედი იჯდა ტოტზე და ყოფიერებაზე ფიქრობდა’’.

ფერმკრთალი მამაკაცი მუზეუმში დგას და მინის კუბში მოქცეულ, ტოტზე მჯდომი ფრინველის ფიგურას გულდასმით აკვირდება. მის ცოლს ხელში ჩანთები უჭირავს და გასასვლელში გაუნძრევალდ ელოდება. ,,რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?’’ – გვისვამს კითხვას რეჟისორი, რომლისთვისაც ეს ეპიზოდი ერთგვარი ეგზისტენციალური ხუმრობაა. ამ კითხვას ის მთელი ფილმის განმავლობაში, ათობით გმირის პირით კიდევ მრავალჯერ დაგვისვამს, – დაწყებული, კრიზისით გატანჯული ორი კომივოიაჟერით, რომლებიც უსიცოცხლი სახით აცხადებენ რომ მათი მთავარი მიზანი ხალხისთვის სიხარულის და ღიმილის მოტანაა, – დამთავრებული ბარის ყოველდღიური კლიენტით, რომელიც გამოტყდება რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ძუნწი იყო და ახლა ამის გამო იტანჯება.

როი ანდერსონის გმირები ფრინველისავით მინის კუბში გამოკეტილი ადამიანები, ხო ფილმები – თვითონ მუზეუმები არიან: ადამიანის ცხოვრების მიზანთროპულ ჩანახატებს ის ჩაკეტილ სივრცეში, იდეალურად გამართულ სტატიკურ კადრში ანთავსებს, რომელშიც ჰაერი საერთოდ აღარ არის. მაგრამ მკვდრებს ჰაერი რაში ჭირდებათ?

,,მტრედი’’ ,,სიკვდილთან სამი შეხვედრით იწყება’’: 1. კაცი ინფარქტით კვდება, როცა მისი მეუღლე სამზარეულოში საჭმელს მშვიდად ამზადებს, 2. საავადმყოფოში ოჯახის წევრები მომაკვდავი დედის ირგვლივ იკრიბებიან, რომელმაც გადაწყვიტა იმ ქვეყნად მთელი თავისი ძვირფასეულობით სავსე ჩანთა წაიღოს და 3. ერთ-ერთი ლაინერის რესტორანში მამაკაცი კვდება, ხოლო ერთადერთი შეკითხვა, რაც ჩნდება არა ამ პრობლემის მოგვარება, არამედ მამაკაცის მიერ უკვე ნაყიდი სენდვიჩისა და ლუდის მომავალია. შემდეგ კიდევ დაახლოებით 30 ანეკდოტია ცოცხლებსა და მკვდრებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში კადრებში იკვეთებიან. მაგალითად: ბარში წყლის დასალევად შემოდის მეფე კარლ XII, შემდეგ კი პოლტავაში საომრად მიეშურება, ხოლო რაღაც პერიოდის მერე იგივე ბარში განადგურებული ბრუნდება და ახლა უკვე ტუალეტში უნდა. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? – შვედეთი ჯერ კიდევ ებრძვის წარსულის აჩრდილებს, ძველ ჭრილობებს იშუშებს, – პასუხს გვცემს რეჟისორი.

თუმცა სოციალური კრიტიკა ნამდვილად არ არის ის, რაც ანდერსონის ფილმებში უნდა ეძებო. ,,მტრედი’’ მისი ტრილოგიის, ,,იმის შესახებ, თუ როგორია იყო ადამიანი’’, ფინალური ნაწილია. ანდერსონის ფილმებში სიზმარსა და ცხადს შორის არ არსებობს ზღვარი, ყოველ შემთხვევაში ფერთა გამაში.

,,მტრედში’’ ყველანი მექანიკურად იმეორებენ – ,,მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გაქვს’’ .

,,გირეკავთ რომ შეგატყობინოთ, – ჩვენი შეხვედრის რიცხვი და როგორც ჩანს ადგილიც ამერია. რამდენიმეჯერ გადავამოწმე, – რესტორანში არავის არაფერი გაუუქმებია. ბოდიშით რომ გაწუხებთ, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია’’ – ტელეფონში ამბობს მოედანზე მდგომი ლეიტენანტი. უბედური, მუდამ მოღუშული კომივოიაჟერები სრულიად უშედეგოგდ ცდილბოენ ,,ექსტრაგრძელი’’ ვამპირის კბილების, ,,სიცილის ტომარის’’ და ცალკბილა მოხუცის ნიღბის გაყიდვას, ხოლო ვისაც მოახერხეს და შეატენეს თავიანთი ყოვლად გამოუსადეგარი საქონელი, იმათგან ანაზღაურებას ვერ იღებენ.

,,ჩვენ გვინდა რომ ხალხმა იმხიარულოს’’.

თითქმის ბოლომდე ცარიელ ოთახებში მოსიარულე ნახევრად ცოცხალ ფიგურებს კი მხიარულებისთვის არ სცალიათ – ისინი სადღაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გაიჭედნენ, აბსურდისა და იდიოტიზმის სამყაროში. ,,სწორია ადამიანის მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის გამოყენება?’’ – ყვირის ღამით დერეფანში ერთ-ერთი კომოვოიაჟერი. ამ კითხვას ამომწურავ პასუხს ანდერსონი ფილმის ერთ-ერთ ბოლო თავში გასცემს, რომელსაც, მარტივად, ,,Homo Sapiens’’ ქვია.

 

ლაშა მილორავა

იტვირთბა....