ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

მომავალ წელს მილიარდნახევრამდე ვალს ვიღებთ

ექსკლუზიური ინტერვიუ “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესთან

რუსეთ-თურქეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ შესაძლოა ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის გაზს, იმ ფონზე როცა ორმხრივი ურთიერთობები გაუარესების გზაზეა. ეს ალტერნატივა თურქეთმა ჩვენივე მეზობელსა და სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯაინის სახით იპოვა. რუსეთ-თურქეთის საკითხებზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „მეტრონომს“ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესაუბრა.

„მეტრონომი“: რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება კვლავაც გრძელდება. კრემლმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. რა ზიანს მოუტანს თურქულ ეკონომიკას რუსული სანქციები, აფხაზეთზეც მინდა გკითხოთ. ვიცით, რომ აფხაზეთს თურქეთთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა აქვს, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი აფხაზეთზე?

ზურაბ ჯაფარიძე:  რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას. რამდენადაც მე მაქვს მონაცემები ნანახი, ორ ქვეყანას ძალიან  მჭიდრო ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები აქვთ.  აქ საუბარია ენერგომატარებლებზე, რომლებიც  რუსეთთიდან თურქეთში შედის. რა თქმა უნდა, თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესდება სავაჭრო ურთიერთობებსაც დააზიანებს და ცხადია, ეს მხოლოდ თურქეთისთვის არ იქნება ზიანის მომტანი. ეს რუსეთისთვისაც ცუდი იქნება, რადგან რუსეთში თურქეთიდან შედარებით იაფი პროდუქცია შედის, რომელსაც შედარებით გაჭირვებული მოსახლეობა ყიდულობს. აქედან გამომდინარე, ეს არის მავნებლობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამას რუსეთი ხშირად მიმართავს, რომელისაც შემდეგ მას ფუთავენ სხვანაირად, რადგან პოლიტიკურად ასე აწყობთ.

რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზეთს ოფიციალურად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თურქეთთან არ აქვს, რადგან თურქეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აღიარებს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია. იქ არსებობს პირდაპირი ბიზნეს ურთიერთობები, ცალკეულ თურქ ბიზნესმენებს აქვთ ეკონომიკური ინტერესები აფხაზეთში. თუ რუსეთი დაიწყებს ამ თურქი მოქალაქეების  განდევნას აფხაზეთიდან, ეს დააზარალებს აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს.

რუსეთის სანქციები შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროსაც. თურქეთიდან რუსეთში აღარ შევა ბოსტნეული და ხილი. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ სანქციებიდან საქართველომ შეიძლება სარგებელი ნახოს, ვგულისხმობ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდოს რუსეთში?

–  მოლიდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ამით საქართველოს სოფლის მეურნეობა აშენდება. ეს ასე ვერ იქნება. ზოგადად, თურქული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, ჯამში არის 6 მილიარდი დოლარის. ჩვენ ამ მოცულობის წარმოებას ვერ შევძლბთ. მე არ ვიცი ზუსტად რა ტიპის სოფლის მეურნეობის პროდუქცია შედის რუსეთში და იქიდან რა ნაწილი შეიძლება იყოს მოყვანილი საქართველოში და შემდეგ გატანილი რუსეთში. თუ ასეთ რამეს შევძლებთ ეს რასაკვირველია ჩვენთვის მომგებიანი იქნება“.

კარგით, მოდით სხვა თემაზე გადავალ. როგორ აფასებთ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ მხარს დაუჭერს

– ეს პროექტი არის ცუდი. ისევე როგორც წინანდელი პროექტები იყო ცუდი. ბევრ რაღაცაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. პირველი  ეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი ამ ბიუჯეტში ხო?

– დიახ სამპროცენტიანია. თუმცა 3%-იანი ზრდა ჩვენნაირი ქვეყნისთვის არაფერი არ არის. ჩვენ რეალურად ერთ ადგილზე ვდგავართ. მეორე პრობლემა ვალების აღებასთან არის დაკავშირებული.  ბოლო წლებია ბევრ ვალებს ვიღებთ. მომავალ წელს ჩადებულია, რომ ავიღებთ დაახლოებით მილიარდ სამას მილიონამდე. მათ შორის ამ ვალში 257 მილიონი  შიდა ვალია. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ბიუჯეტისთვის არის გაბერილი ბიურაკრატიული ხარჯები. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალ წელს ბიუროკრატიაზე დავხარჯოთ ათ მილიარდზე მეტი ლარი, რაც მთელი ბიუჯეტის 30%-ზე მეტია. ეს არის მთავარი ტვირთი ჩვენი ეკონომიკისთვის და ამის გამო ჩვენი ეკონომიკა ვერ იზრდება. მარტივად რომ ავხსნათ, გადასახადის გადამხდელების ფულს ჭამს სახელმწიფო ბიუროკრატია. ჭამს ის ხალხი, რომელთა უმეტესობა სამსახურში არ დადის, ან თუ დადის, არაფერს არ აკეთებს, ანუ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნისთვის არანაირ სიკეთეს არ ქმნის.

ჯანდაცვაც ასე „ჭამს“ გადასახადის გადამხდელთა ფულს?

– ჯანდაცვის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ბევრი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, გაჭირვებული მოქალაქეებისთვის. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენი ჯანდაცვა არის ე.წ საყოველთაო ბევრი ფული იხარჯება იმ ადამიანებზე, რომელთაც ეს არ სჭირებათ. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც მართლაც სჭირდებათ დახმარება.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ივანიშვილი შესაძლოა დაბრუნდეს პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ. თქვენი აზრით, დაეხმარება ივანიშვილი რეიტინგდაკარგულ  „ქართულ ოცნებას“  მოაგებინოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები?

– ყველამ იცის, რომ არამარტო უმრავლესობის, არამედ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიაშვილია. ივანიშვილის ფორმალურად შემოსვლა პოლიტიკაში რეიტინგს აუწევს თუ არ აუწევს „ქართულ ოცნებას“ რთული სათქმელია“.

თქვენ ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეთ საკმაოდ ორიგინალური სახელით. როგორ შეაფასებდით თქვენ შესაძლებლობებს 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებზე. თქვენი პარტიის ეკონომიკურ ხედვაზეც რომ გვითხრათ…

– ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა იმასთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა და როგორ უნდა იზრდებოდეს ქვეყნის ეკონომიკა. რაც შეეხება შანსებს, ზოგადად მოცემულობა ქვეყანაში არის ისეთი, რომ შანსები არსებობს, თუმცა წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს.

კოალიციას ხომ არ გეგმავთ რომელიმე პარტიასთან?

– არა. ჯერჯერობით არაფერ მსგავსს არ ვგეგმავთ.

– მთავრობა გვპირდებოდა ლარის გამყარებას წლის ბოლოს. რამდენიმე თვეა ლარი სტაბილურად 2.39-2.40-ია. რატომ  არ ხდება ლარის გამყარება დოლართან  მიმართებით?

– დასტაბილურდა იმის გამო, რომ ეკონომიკაში მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები, ჩვენ გავღარიბდით, ნაკლებს ვყიდულობთ უცხოეთიდან, ანუ იმპორტი არის სერიოზულად შემციბული. შესაბამისად, ნაკლები დოლარი გაედინება ქვეყნიდან და ამან გამოიწვია ლარის დასტაბილურება. რაც შეეხება გამყარებას, ლარი გამყარდება, მაშინ, როცა ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება. ამჟამად, ეკონომიკა ერთ ადგილას დგას და ამიტომ გამყარების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს.

– პარტიარქის განცხადებაზე მინდა გკითხოთ. თქვენც ფიქრობთ, რომ პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს?

– არა. ჩვენ ვცხოვრობთ და ვაშენებთ სეკულარულ სახელმწიფოს. სეკულარულ სახელმწიფოში საერო და სასულიერო პირების ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია. საპატრიარქოს ჰყავს წამომადგენელი შეწყალების კომისიაში და ამიტომ ცხადია, რომ ამ ინიციატივას მხარს არ ვუჭერთ.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....