მოგახსენებთ, რომ იტერნეტ-გაზეთმა “მეტრონომმა” ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ გამოაქვეყნა, რაც გამოწვეული იყო გარკვეული გაუგებრობით. რამდენიმე პირისგან კი გამოქვეყნებული მასალის გადაზიარება მოესწრო, რამაც საზოგადოების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია. მომხდარის შესახებ დეტალურად ვხსნით ქვევით მოცემულ ტექსტში.
ჟურნალისტმა ოპერატიულობიდან გამომდინარე, “დრაფტში” წინასწარ გაამზადა მოსალოდნელი ორი სხვადასხვა განაჩენის ტექსტი. სასამართლო, რომელიც ტექსტების გამზადების მომენტში მიმდინარეობდა, ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო განაჩენის ორი ვარიანტი – ან შეუფარდებდა ნიკა მელიას პატიმრობას, ან არ შეუფარდებდა.
ჟურნალისტმა, ერთი ტექსტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მეორე ტექსტის ვარიანტი ეხებოდა, მოსალოდნელ ვერდიქტს, როცა მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა. ხოლო, მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ჟურნალისტი ყველაზე ოპერატიულად შესაბამის “ნიუსს” გაუშვებდა.
ჟურნალისტს კი “დრაფტის” შენახვის ნაცვლად, ერთ-ერთი ტექსტის “გამოქვეყნების” ღილაკზე დაეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ მასალა მალევე წაიშალა გვერდიდან, რამდენიმე პირისგან გაზიარება მოესწრო და გაგრძელდა გადაზიარებები.
გავრცელებული მოსაზრებები, რომ “მეტრონომი” სახელისუფლებო ინტერესებს ატარებს და მასალა განზრახულად გამოაქვეყნა, სიმართლეს არ შეესაბამება და სრული აბსურდია. შეგიძლიათ თვალი კარგად გადაავლოთ “მეტრონომის” კონტენტს.
იმედს ვიტოვებთ, მავანნი მომხდარ გაუგებრობას არ გამოიყენებენ პოლიტიკური ვაჭრობისთვის, რისი მცდელობაც, სამწუხაროდ, უკვე იყო.
ჩვენი რედაქცია ყოველთვის იცავდა, იცავს და დაიცავს ეთიკის ნორმებს, თუმცა შეცდომისგან და მსგავსი გაუგებრობებისგან დაზღვეული არავინაა.
ონლაინ-გაზეთი “მეტრონომი” ბოდიშს უხდის ყველას შექმნილი გაუგებრობისთვის.
სრულიად “მეტრონომის” რედაქცია