ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება”- კახა კალაძე

„დიდი ტყუილია, რომ მუნიციპალიტეტი და გამგეობები შეჭირვებულ ოჯახებს არ ეხმარებიან, რადგან ჩვენი პრიორიტეტი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებში ცრუ ბრალდებებზე იყო საუბარი და რეალურად, ეს ადამიანები ყოველთვიურად იღებენ დახმარებას იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები იჯარით აიღონ.

„ჩვენ ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და გაუჭირდათ პანდემიის პირობებში. გვაქვს ბევრი მუნიციპალური პროგრამა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც 2020 წელს, ასევე, 2021 წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. ყველა პროგრამას, რომელიც დაანონსებული გვაქვს, არცერთი თეთრი არ დააკლდება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მუნიციპალიტეტის თანადგომა, სახელმწიფოს მხარდაჭერა. შესაბამისად, ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდება.

ჩვენ ვისმენთ ცრუ ბრალდებებს  ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება. კონკრეტული მედიასაშუალებების გადაცემებში გასულ კვირას იყო სიუჟეტები, ჰყავდათ მოწვეული სტუმრები და საუბრობდნენ, რომ მუნიციპალიტეტი, გამგეობები ამ ოჯახებს არ ეხმარებიან. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ ვიკადრებ,  კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებით და გვარებით მიმოწერები გავასაჯაროო. არ ვიკადრებ იმას, საზოგადოებას წარვუდგინო, რა დახმარებები აქვთ მიღებული, რამდენს იღებენ ყოველთვიურად, თუნდაც იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები აიღონ იჯარით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მთავარია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ რაც შეიძლება, ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში შევქმნათ ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეჭირვებული, ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს და ეს მიღწევადია. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ. პანდემიამ სერიოზული პრობლემა შექმნა. ძალიან დიდი გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებზე, მაგრამ ყველაფერი დაძლევადია. მთავარია, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რომელსაც შეიძლება აქამდე ასე არ ვაფასებდით და გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

იტვირთბა....