“ახლა, როცა დასაჭერად აქვს საქმე, იძახიან, კანონის უზენაესობაა, რა ვქნათო. ესეც მახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმის – ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები შეგიძლია თქვა ერთნაირი უტიფრობით,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “ფორმულასთან” საუბრისას გააკეთა.
მისივე განმარტებით, ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ და სხვებმა შეიტანეს განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე – “რაც, არსებითადაც გასაგებია, რომ ადამიანის უფლებაა.”
“დღეს გვესმოდა – “იცით, ჩვენ კი არ გვინდა დაჭერა, მაგრამ კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტებია და ასე ხომ არ შეიძლება?” თავდაპირველადვე უტიფრობაა ამ ხალხის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებზე ლაპარაკი. ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ და სხვებმა შეიტანეს განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე – რაც, არსებითადაც გასაგებია, რომ ადამიანის უფლებაა. ძალით როგორ შეიძლება, სადმე იყო? კანონში წერია, რომ ეს აბსოლუტური უფლებაა, თვითონ დეპუტატების უფლებაა, ეს კონსტიტუციიდანაც გამომდინარეობს. ფეხებზე დაიკიდეს და თქვეს, პოლიტიკური კონიუნგტურის გამო კარგად ვიქცევითო.
ახლა, როცა დასაჭერად აქვს საქმე, იძახიან, კანონის უზენაესობაა, რა ვქნათო. ესეც მახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმის – ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები შეგიძლია თქვა ერთნაირი უტიფრობით. ეს უტიფარი სიცრუეა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემის გამო აკეთებს ამას ის ხალხი, ვინც საქართველოში ბოლო წლებში მოარღვია სახელმწიფო ინსტიტუტები.” – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.