დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს და დახრჩობას გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ქალი კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იმყოფებოდა ქალი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა.
ქალი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.