მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ქეთევან დუმბაძე, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელს თაკო ჩარკვიანს სოციალურ ქსელში მიმართავს:
“ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი დგომა იმ მხარეს, რომელიც არ არის სიმართლეზე დაფუძნებული, რომელიც წარსულის მძიმე ცოდვებითაა დამძიმებული; სადაც მიზანი ქაოსი, სახელმწიფოს ნგრევა, უთანასწორობა და კანონების ფეხზე დაკიდებაა; ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი იმ მხარეს დგომა, რომელიც ოკუპაციის პირობებში და პანდემიისგან მიყენებული უკიდურესი კრიზისის დროს სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებას ისახავს მიზნად; სამწუხარო და გასაკვირია შენგან ფსიქოლოგიური ბულინგის მცდელობა ჩემზე მაშინ, როდესაც ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესად შეიძლება – ნიკა მელიას ვერავინ ჩასვამს ციხეში თუ კანონის ელემენტარულ მოთხოვნას დაემორჩილება და გირაოს გადაიხდის. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და სხვაზე არავიზე.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ქვეყნის და მომავლის წინაშე ოდნავი პასუხისმგებლობა გააჩნდეს, გადაწყვეტილებას რომელიმე პოლიტიკოსის, ბრალდებულის სიჯიუტისა და ახირებიდან გამომდინარე იღებდეს და არა კანონის უზენაესობის პრინციპებიდან. თაკო, სულ სხვა ადამიანი, სხვა „მხარეა“ დასარწმუნებელი, რომ კანონი უზენაესია!
მორალი არ შეიძლება უკანონობის მხარეს იყოს. და რა გამოდის – ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო. ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს.
შენი პასუხი მაინტერესებს, თაკო, რა პასუხი აქვს მელიას მათთვის, ვინც სამართლებლივ დევნაშია და ჯარიმებს იხდის? ვისაც სამაჯურები უკეთიათ? ვინც დღესაც საპატიმროშია? რა ვქნათ, შერჩევითი სამართალი ვიქადაგოთ?! და მთავარი – ნურავინ მასწავლის ნურც თანადგომას, ნურც შემწყნარებლობას, ნურც გვერდში დგომას და მითუმეტეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში სახელმწიფოს, კონსტუტიციისა და კანონების დაცვაში გამოიხატება!” – წერს ქეთი დუმბაძე.
ცნობისათვის, თაკო ჩარკვიანმა ქეთი დუმბაძეს მიმართა, რომ “იმედს ვიტოვებ და ველოდები ხვალინდელ დღეს, იმ ღილაკს სამარცხვინოდ ხელს არ დააჭერ.”
შეგახსენებთ, 15 თებერვალს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას კენჭი უნდა უყაროს.