დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ზაფხულის დასაწყისში შეიქმნება რამოდენიმე პირდაპირი მოქმედების წამალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ წვლილს შეიტანს.
როგორც გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, ქვეყანაში ზაფხულის ბოლოს მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება იგეგმება.
“ვაქცინასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მე არ მინდა, ძალიან დავკონკრეტდე. მაქვს ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა, ტყუილი ილუზიები შევქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რომელიც უფრო და უფრო გაზაფხულზე გაფართოვდება. ზაფხულის ბოლოს კი, ჩვენ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ და მოვუწოდოთ მოსახლეობას, ვიმუშაოთ. ახლა იწყება სერიოზული პიარკამპანია ამისთვის, რაშიც თქვენ უნდა მოგვეხმაროთ, ყველა ტელევიზია თუ მასმედიის წარმომადგენელი, რომ მოსახლეობამ ირწმუნოს, დღეს კორონავირუსული პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, მეორე მხრივ, რეკომენდაციების დაცვაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში შეიქმნება რამოდენიმე პირდაპირი მოქმედების წამალი და ასევე დიდი იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი წერტილს დაუსვამს პანდემიას.
შეგახსენებთ, საქართველოში ჯერ არცერთი წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემოსულა. მთავრობის ადმისნიტრაციის ცნობით კი თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. მარტის დასაწყისში კი, AstraZeneca-ს 180 000-300 000 დოზას.