ახალი ამბები მთავარი სამართალი

დააკავეს შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც მის უფროსზე ძალადობა ედება ბრალად

პოლიციამ ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი თორნიკე ვაჩაძე დააკავა, რომელსაც უწყების ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, ირაკლი ხურციძის მიმარტ ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად.

შსს-ის ცნობით, 1988 წელს დაბადებული მამაკაცი  ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს – 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 12 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, ირაკლი ხურციძეს ყოფილი თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. ნაცემი მაღალჩინოსნის ფოტო თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....