ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალური ქსელის საშუალებით დეკანოზ ილია ჭიღლაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან წმინდა სინოდის განჩინებასთან დაკავშირებით “ფეისბუქის” საშუალებით გაავრცელა.
“მეტრონომი” არჩილ გამზარდიას “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“დეკანოზ ილია ჭიღლაძესთან საერთო პოზიციებიც მქონია და განსხვავებულიც, დავთანხმებულვართ კიდეც ერთმანეთს და ცხარედაც გვიკამათია, ბევრი რამ მომწონებია და ბევრი რამ არ მომწონებია მისი გამოხატულებებიდან, მაგრამ დღემდე ვახერხებთ მეგობრობასაც და ჩემთვის ავტორიტეტული პირია საეკლესიო სივრცეში, როგორც მცოდნე, ფხიზელი, შეიძლება ზოგჯერ ზედმეტად ხისტიც, მაგრამ გონიერი აზრი საქართველოს ეკლესიაში.
სასულიერო იერარქებმა, გონიერება და სულიერება თუ ექნებათ, მსგავს ადამიანებს ხელი უნდა შეუწყოს, მეტად მოუსმინონ და იერარქიული ქედმაღლობის ნაცვლად ესაუბრონ აქტიურად.
სამწუხაროდ, ვიღებთ პირიქით. სასულიერო იერარქების დიდ ნაწილს გაუმართლებელი ქედმაღლობა და სულიერების დეფიციტი აქვთ, რომ უსმინონ სხვას, გაუგონ, ესაუბრონ, თუ ცდება, შეაგონონ, თუ თავად ცდებიან, თავად შეიგონონ.
სასულიერო იერარქები განსხვავებულ აზრს ქრისტიანულ დოგმატსა და სწავლებასთან მიმართებაში უნდა უპირისპირდებოდნენ და არა პიროვნებებს, ეს მგონი ანბანია და არც მეტი.
ჩვენი სასულიერო იერარქები კი, ხშირად და სამწუხაროდ, ადამიანებს ებრძვიან და არა პრობლემებს.
ამიტომაც გგულშემატკივრობ,
დეკანოზი ილია ჭიღლაძე და საჯაროდ გამოვხატავ მხარდაჭერას.” – წერს გამზარდია.