“მე დიდი და რთული გზა გავიარე, რუსეთის შსს-მ ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე აღძრა,” – ამის შესახებ იუჟნო-სახალინსკის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ბანდიუკოვი აცხადებს.
“მთავარი არხის ინფორმაციით, ბანდიუკოვს, რომელიც 2018 წლიდან თავს საქართველოს აფარებს, ისევ რუსეთში ექსტრადირება ელის.
მათივე ცნობით, საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტმა მას ჰუმანიტარული სტატუსი, რომელსაც საქართველოში შემოსვლიდან იყენებდა, 2021 წლის 27 იანვრიდან აღარ გაუგრძელა.
“ვიცოდი, რომ თავს ვერ დავიცავდი რუსეთში და საქართველოში ამიტომ ჩამოვედი. მე დიდი და რთული გზა გავიარე, რუსეთის შსს-მ ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე აღძრა. ვიყავი არაადამიანური მოპყრობისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ასევე, ირღვეოდა ჩემი უფლებები.
მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი, ყველაფერს ვაკეთებდი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, თუმცა, ჩემი უფლებები აქაც დაირღვა და საბოლოოდ, ამას ჩემი ჯანმრთელობა შეეწირა, ამიტომ ვიმყოფები ახლა საავადმყოფოში. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ჩემი ექსტრადირება მოხდება, ვფიქრობ, სიკვდილი მელოდება.
ფსბ-ს ჩემი გაჩუმება მოუნდება და ვფიქრობ, არც ჩემი მოკვლა გაუჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, ისინი ჩემს მკვლელობას ბუნებრივ სიკვდილად გაასაღებენ. ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, – დამიცავით”, – ამბობს ალექსანდრე ბანდიუკოვი.