ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იცით რა საშინელებაა, მამას დამწვარი სახლის კედლებიდან, რომ გაასვენებ?!” – სულისშემძვრელი ამბავი სენაკიდან, სადაც დედა 3 შვილთან ერთად დამწვარ სახლში ცხოვრობს

„იცით, რა ძნელია, მთელი ცხოვრება ნაშენები სახლი 1 საათში ფერფლად, რომ გექცევა? იცით რა საშინელებაა, მამას დამწვარი სახლის კედლებიდან, რომ გაასვენებ?! ჯოჯოხეთია ღია ცის ქვეშ დარჩენა. კიდევ უფრო უარესი როცა არც პერსპექტივა ჩანს და არც იმედი…“ – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა “პრაიმტაიმთან” 29 წლის სენაკელმა, ნათია მიქაძემ, რომელიც უკვე 2 წელია დამწვარ სახლში, მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს…

2019 წლის 16 ივლისი მიქაძეების ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ძველი ელექტრო სადენებიდან გაჩენილმა ხანძარმა, მთელი ცხოვრება ნაგროვები მათი ქონება ერთ საათში ფერფლად აქცია. ეს ტრაგედია ოჯახის უფროსისთვის განსაკუთრებულად მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. ჯერ ინსულტი დაემართა, 2 თვეში კი გარდაიცვალა…

იმ ავბედითი დღის შემდეგ, მიქაძეების ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, სახლი შიფერით გადახურეს. ნასახლარში წყალი აღარ ჩადის, მაგრამ იქ ცხოვრება ჯერ ისევ წარმოუდგენელია. გამგეობის დახმარებით, ეზოში მცირე ზომის საქათმე გაარემონტეს. პატარა ფართის გამო, ამ ოთახში მხოლოდ 3 ბავშვის და ნათიას მეუღლის ადგილია. თავად კი ყოველ საღამოს დამწვარი სახლის ერთ ოთახში შედის და ღამეს იქ ათევს.

არა და იყო დრო, როცა მიქაძეების ცხოვრებას მეზობლები და მთელი რაიონი შენატროდა. ბედნიერი წარსულიდან ახლა მხოლოდ მოგონებები დარჩათ. „პრაიმტაიმთან“ საუბარს ნათია იმ დღის გახსენებით იწყებს, როცა მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა…

„2 წლის წინ, 16 ივლისს ცეცხლის კერა მამაჩემის ოთახში გაჩნდა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. მამას ეძინა. მეზობელმა შენიშნა მის ოთახში ცეცხლი და მაშინვე გამოიძახეს სახანძრო, რომელიც ზუსტად 10 წუთში ადგილზე იყო. სენაკის მეხანძრე – მაშველებმა  ჩაქრობა ​დაიწყეს, მაგრამ სამწუხაროდ, წყალი გაუთავდათ და სანამ ხობის ეკიპაჟი მოვიდა, სახლი ბოლომდე დაიწვა.

რაც გადარჩა, ისიც წყალმა დააზიანა. იმ დღეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად სამტრედიაში, მეუღლის ოჯახში ვიმყოფებოდი. როცა დაგვირეკეს და ეს ამბავი გვითხრეს, მაშინვე გამოვვარდით. ადგილზე მოსულებს უკვე განადგურებული სახლი დაგხვდა. მადლობელი ვარ მეზობლების, რომლებმაც მამა გადამირჩინეს. მამიკო ცოცხალი დამხვდა, უფრო სწორად ცოცხალი მიცვალებული. საწყალი შოკურ მდგომარეობაში იყო. მერე როცა გააცნობიერა რაც მოხდა, საშინლად განიცადა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ინსულტმა დაარტყა, ლოგინად ჩავარდა. ზუსტად 2 თვეში გარდაიცვალა. დამწვარი კედლებიდან გავასვენეთ…

ჩვენს უბანში და ზოგადად სენაკში, გამორჩეული ოჯახი გვქონდა. კარგ მაცხოვრებლებად ვითვლებოდით. დედა ხალიჩების ფაბრიკის მთავარი ბუღალტერი, მამა კი ზაგოზერნოს საწყობის უფროსი იყო. ორივეს კარგი შემოსავალი ჰქონდათ და ქონებაც დააგროვეს.

როცა უყურებ როგორ არის გახვეული ცეცხლის ალში ის, რასაც წლები შეალიე, საშინელებაა და ნურავის გამოაცდევინოს. ზუსტად ვიცოდი მამა ამას ვერ გადაიტანდა. ალბათ დედაც, რომ ცოცხალი ყოფილიყო, მასაც ზუსტად ასე დაემართებოდა. ის 8 წლის წინ გარდაიცვალა. როცა მისი დიაგნოზი გავიგეთ, სიმსივნის შორს წასული ფორმა ჰქონდა.

51 წლის იყო, ზუსტად 1 თვეში გარდაიცვალა. დედისერთა ვარ და ჩემს მშობლებს მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდათ. ერთ დროს, ბედნიერი ცხოვრება გვქონდა. მშობლები ცოცხლები მყავდნენ, მეუღლეც კარგ ადგილას მუშაობდა და კარგი შემოსავალი გვქონდა. თავზე არასდროს გადაგვდიოდა, მაგრამ არაფერი გვაკლდა…

ხანძრის შემდეგ,  ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა… მეუღლეს სენაკის კეთილმოწყობის სამსახურში დაასაქმეს.  ასევე ადგილობრივი გამგეობის დახმარებით, სახლი დამწვარი ნივთებისგან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. გამოგვიყვეს თანხა, რითაც შევძელით და სახლს შიფერი გადავხურეთ. წყალი აღარ ჩამოდის, მაგრამ ყველაფერი განადგურებულია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტს რაც შეეძლო მხარში გვიდგას. პანდემიის პერიოდი მათ გადაგვატანინეს, გვამარაგებდნენ საკვებით.

გამგებელმა მაცივარიც გვიყიდა. ასევე მუნიციპალიტეტის დახმარებით, ეზოში ორი პატარა ოთახი გაგვირემონტა. დედა მას საქათმედ იყენებდა. ახლა იქ ჩემი მეუღლე და შვილები არიან. ფართის სიმცირის გამო, ჩემი დასაძინებელი ადგილი არ არის. მეუღლეს ხერხემალზე დისკოზი აქვს, მისი გაციება არ შეიძლება. ამიტომ ყოველ საღამოს დამწვარი სახლის იატაკზე ვშლი ლოგინს და იქ ვიძინებ. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება 400 ლარი და მეუღლის მცირე ხელფასი, 280 ლარია.

ნათესავები მაქსიმალურად გვერდით გვიდგანან, მაგრამ ახლა ყველას უჭირთ. ისინი პროდუქტებით პერიოდულად გვეხმარებიან. ხშირად მეკითხებიან შენი ქმრის სახლში რატომ არ მიდიხარო. სამტრედიაში პატარა ხის სახლი გვაქვს, სადაც მეუღლის მშობლები, მოხუცი ბებია, რძალი, მაზლი და მათი შვილები ცხოვრობენ. იქ ფიზიკურად ვერ დავეტევით.

ჩემს შვილებს ბევრ რამეზე სწყდებათ გული. იცით რა საშინელებაა, როდესაც უფროსი შვილი გეკითხება, დედა როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასეო და პასუხი კი ყოველთვის ერთია – არ ვიცი.

ძალიან მინდა ერთი ოთახი გავარემონტო და იქ შევიდეთ. გარკვეული ნივთები უკვე მაჩუქეს. მჯერა, რომ კეთილი ადამიანები ისევ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ვისაც შესწევთ ძალა, რომ სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს. მათ მინდა მივმართო, კეთილო ადამიანებო, დამეხმარეთ ,რათა ჩემს შვილებთან ერთად შევძლო ღამით დაძინება. “ – ამბობს ნათია.

ახლა როცა ამ სტატიას კითხულობთ, 9 წლის მარიამი, 4 წლის მაკა და 9 თვის გაბრიელი დამწვარი სახლის კედლებში კეთილი ადამიანების დახმარებას ელიან. სჯერათ, რომ სასწაულები ხდება და მათ ქუჩაზეც მოვა ნამდვილი გაზაფხული.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....