რამდენი ადამიანია თქვენს მიერ დაყაჩაღებული, ნებსით თუ უნებლიედ – თამაზ ელიზბარაშვილი
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს “საქართველოს ბანკის” მისამართით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ბანკთან დაკავშირება არასამუშაო დღეების გამო. “მეტრონომი” ბანკის მენეჯმენტის პოზიციას მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ.
თამაზ ელიზბარაშვილი:
„საქართველოს ბანკის“ უნამუსობას რომ საზღვარი არ აქვს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. 27 ნოემბერს საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მობილურის ბალანსის შევსებისას აპარატმა 20 ლარი ჩამიყლაპა, რომელსაც ერთ-ერთ სტიქიისგან დაზარალებულ და გაჭირვებულ ადამიანის ვურიცხავდი. დავუკავშირდი მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ჩაინიშნეს რეგისტრაციის ნომერი და მითხრეს, რომ 4 სამუშაო დღეში დამირეკავდნენ და მეტყოდნენ თუ რატომ არ დაჯდა თანხა მითითებულ ანგარიშზე. 4 დღე ველოდე, მაგრამ არ დამირეკეს. მერე მე თვითონ დავუკავშირდი. მითხრეს, ვერ ვადასტურებთ, რომ აპარატმა თანხა ჩაგიყლაპათო. ფაქტობრივად აფერისტი გამომიყვანეს! გადავირიე, რამდენია ჩემნაირი, ვისაც ასე პასუხობთ და თანხებს პარავთ-მეთქი. რომ მიხვდნენ, არ შევარჩენდი, მითხრეს, ბელიაშვილის N8-ში მიბრძანდით და განცხადება დაწერეთ, რომლის მიხედვით გამოკვლევას დავიწყებთ და თუ თანხის ნამატი გვექნება ტერმინალში, ესე იგი, მართლი იქნებით და ფულს დაგიბრუნებთო. საქმე 20 ლარში კი – არა, თაღლითობაშია. ადამიანებს მასხრად იგდებენ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი შემთხვევა მრავლადაა. უამრავი გაჭირვებული ძლივს შეკოწიწებულ ერთი ლარის ჩარიცხვას ცდილობს აპარატიდან, მაგრამ უშედეგოდ. მერე კი, ვერც იმ მითითებულ ნომერზე დარეკავს ანგარიშზე არქონის გამო და ვერც ბელიაშვილის N8-ში მივა განცხადების დასაწერად. ხელს ჩაიქნევს და იმ ძლივს შეკოწიწებულ ერთ თუ ორ ლარს აჩუქებს ხალხის დამაყაჩაღებელ ბანკს! ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ბანკის წისქვილზე ასხამს წყალს. მოკლედ, ყველგან აქვს ბანკს პატარ-პატარა საცეცები, საიდანაც ხალხის გაძარცვა შეიძლება. ეს ის ბანკია, რომელიც სტიქიით დაზარალებულ, ძლივს გადარჩენილ ადამიანებს რომ არ ინდობს! ეს ის ბანკია, რომელიც ყველა ჩვენგანის ჯიბეში ხელებს აფათურებს! ამიტომაც, მინდა საჯაროდ შევარცხვინო „საქართველოს ბანკი“ და მათ ოფისში ასეთი განცხადება დავწერე: “მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, გვიან ღამით, 23 საათსა და 43 წუთზე ვაშლიჯვარში, ტერმინალი N11126-ის საშუალებით ჩავრიცხე 20 ლარი ნომერზე 599 18 31 85, ტერმინალმა თანხა მიიღო, მაგრამ ის არ აისახა მობილური ნომრის ანგარიშზე. განიხილეთ ეს საკითხი, აღადგინეთ ჩემი შელახული უფლებები, რადგან 27 ნოემბრიდან დღემდე ვერ ვიპოვე სამართალი. წარმომიდგენია, რამდენი ადამიანია თქვენს მიერ დაყაჩაღებული ნებსით თუ უნებლიედ. უფლებების აღდგენაში ვგულისხმობ მხოლოდ ბოდიშის მოხდას. რაც შეეხება თნხას, 20 ლარს, გთხოვთ, ჩაურიცხოთ „საქართველოს ბანკის“ მეპატრონეს ჩემგან სამახსოვროდ. თამაზ ელიზბარაშვილი“.