უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის აქციები უნდა გაგრძელდეს, რათა უკეთესი მომავალი შეიქმნას.
უკრაინის საგარეო უწყება ყოფილი პრეზიდენის ამ განცხადებას ემიჯნება და აცხადებს, რომ მისი, როგორც უკრაინელი მოხელის მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად ჩაითვალოს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, ასეთი განცხადებები შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული
უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და არც მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო უწყება დაუსაბუთებელს უწოდებს ბრალდებებს საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მექრთამედ მოიხსენია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოში დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმე საელჩოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და უკრაინელი დიპლომატის დადანაშაულება უმოქმედობაში სრულიად უსაფუძვლოა.
„ჩვენ ვისარგებლებთ ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ეს საქმე სწრაფად და მიუკერძოებლად, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლონ უკრაინის მოქალაქეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტსი გამოაქვეყნა, სადაც საპროტესტო აქციების აუცილებლობაზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, ამ “სახელმწიფოს” მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი ცივილიზებულობის ფარგლებში არის არა მარტო უფლება, არამედ, მოვალეობა.