მთავარი სამართალი

(ვიდეო) ვინ არიან ზუგდიდელი, ქუთაისელი და თბილისელი “კანონიერი ქურდები”, რომლებიც ევროპაში სპეცოპერაციის დროს აიყვანეს

ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობით, იტალიის პოლიციამ ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ევროპის მასშტაბით ჩატარდა. ოპერაციის  ფარგლებში, იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში – საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ. მათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით ემუქრებათ.

ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების, რომლებსაც ქართველი და იტალიელი სამართალდამცველები ერთობლივად ახორციელებენ.

ასევე, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა.

ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ – კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. მათ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით ემუქრებათ.

დაკავებულთა ვინაობები ამ დრომდე არ ხმაურდება, „პრაიმტაიმი“ რამდენიმე მათგანისც შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გაოცემის ცნობით,  საფრანგეთში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ 58 წლის კახაბერ ალიშიბაია გახლავთ (ფოტოზე ნაჩვენები პირი). მას კრიმინალურ წრეებში „კახა ზუგდიდსკის“ სახელით იცნობენ.

ის „კანონიერი ქურდის“ სტატუსით მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ჯერ კიდევ 1993 წელს „დააგვირგვინეს“. კრიმინალური კარიერის განმავლობაში ალშიბაია 4-ჯერ აროს ნასამართლევი, მათ შორის ბოლოს 2015 წელს საფრანგეთში გაასამართლეს, თუმცა მაშინ საპატიმროდან თავის დაღწევა მოახერხა.

სპეცოპერაციის ფარგლებში ასევე დაკავებულია ზუგდიდელი კრიმინალური „ავტორიტეტი“ გიორგი ბიგვავა, ქუთაისელი ოთარ გიგიაძე და თბილისელი შალვა კიკნაძე.

დაკავებულთა შორისაა იტალიის ქალაქ ბოლონიაში მდებარე ქართული რესტორნის მეპატრონე კონსტანტინე მიროტაძეც. ჩვენი ინფორმაციით, ის პირადად უწევდა კოორდინაციას იტალიის ტერიტორიაზე მოქმედ დანაშაულებრივ ქსელს.

იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერს დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის სახელმწიფო პოლიცია ავრცელებს.

 

 

იტვირთბა....