ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ქართველობას”

“მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ქართველობას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას.

სააკაშვილის განცხადებით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ბიძინა ივანიშვილმა დაკვეთით მიიღეს.

“პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩამომართვა მოქალაქეობა. თავი დავანებოთ იმას, რომ ეს კაცი ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, თუკი საერთოდ შერჩება. ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მიღებულია რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, მისი დაშინებული, ხავსმოჭიდებული უუნარო ხელისუფლების და ემსახურება ერთადერთ მიზანს – გზა დამიკეტოს საქართველოს არჩევნებში კენჭისყრისკენ”, – ამბობს  სააკაშვილი.

სააკაშვილი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზეც აკეთებს განმარტებებს და ამბობს, რომ ივანიშვილის სიტუაცია  სრულიად განსხვავებული იყო.

“ივანიშვილს, მას შემდეგ რაც მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ეგრევე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობის აღება და როცა ამაზე ცივი უარი თქვა, კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, რომ არავის ეთქვა, თითქოს ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ვუშვებთ არჩევნებზე და მივეცით ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ჩემი სიტუაცია იყო სრულიად განსხვავებული. მათ თავიდანვე თქვეს, რომ მე აუცილებლად დამაპატიმრებდნენ. ეს თქვა მათმა სპონსორმა პუტინმა, მედვედევმა და ეს არაერთხელ თქვა მათ მიერ დაფინანსებულმა და წახალისებულმა ივანიშვილმა. ამ ფონზე მე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს მე წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის, რაც მიდის საქართველოში – ბრძოლა საერთო მომავლისთის, ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, ბრძოლა თავისუფლებისთვის. უკრაინის გადარჩენა და წარმატება არის საქართველოს მომავალი, გადარჩენა და წარმატება.
დღეს, მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ ქართულ საქმეს, ვემსახურებით საქართველოს მომავალს, ჩვენს საერთო მომავალს. ამიტომ, მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ჩემს ქართველობას. ვერავინ დამაკარგვინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამის ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ მოაწერა ხელი.

იტვირთბა....