„ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის,” – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შემცვლელზე საუბარი მოგონილი ამბავია.
,,ჩვენ წინა დღეების განმავლობაში ვნახეთ უდიდესი სპეკულაციები. დიდი ბოდიში ყველასთან, თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, უბრალოდ სტუდიაში ჭორაობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რადგან გახარია არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ სხდომას, ამიტომ ეს იყო ერთადერთ არგუმენტად მოტანილი შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, იმ ტელევიზიის და კონკრეტული რადიკალური პარტიების სამწუხაროდ, საბედნიეროდ, ჩვენთან არანაირი დაპირისპირება არ არის. დღესაც არ იყო გიორგი გახარია პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა.
გახარიას შემცვლელზე საუბარი არის თქვენს მიერ მოგონილი ამბავი, რომლითაც საზოგადოებას ატყუებთ. პირდაპირი და ძალიან ბინძური სპეკულაცია მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის. ყველას კარგად ესმის იმ გამოწვევის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არსებობს. ჩვენ ისედაც არ გვქონდა არანირი პრობლემა ურთიერთობებში და ამ გამოწვევას ძალიან კარგად ვითავისებთ“ ,- განაცხადა მდინარაძემ.